21 წლის სტუდენტს დანებით, ბოთლებით და ბეისბოლის ჯოხებით შეიარაღებული ათამდე პირი სასტიკად გაუსწორდა
ამობეჭდვა · 05 / 07 / 2018 10:07
21 წლის სტუდენტს დანებით, ბოთლებით და ბეისბოლის ჯოხებით შეიარაღებული ათამდე პირი სასტიკად გაუსწორდა

21 წლის სტუდენტს, ილია უგრეხელიძეს დანებით, გადატეხილი ბოთლებით და ბეისბოლის ჯოხებით შეიარაღებული ათამდე პირი  დაესხა თავს. თავდასხმა ნაფეტვრების საცურაო აუზზე მოხდა. 

ახალგაზრდა უკვე რამდენიმე დღეა უმძიმეს მდგომარეობაში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ოჯახის ინფორმაციით, სისხლიან დაპირისპირებას წინ ილია უგრეხელიძესა და რამდენიმე ახალგაზრდას შორის საბურთალოზე მომხდარი გარჩევა უძღოდა. ჩხუბის კონკრეტულ დეტალებზე ოჯახი არ საუბრობს თუმცა აცხადებს, რომ სავარაუდო დამნაშავეებს თავდასხმის მცდელობა ილია უგრეხელიძის მიმართ რამდენიმე დღის წინაც ჰქონდათ. მაშინ ახალგაზრდამ გაქცევა მოასწრო.

გამოძიებას ამ დრომდე არ ჰყავს ბრალდებულები, მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდო დამნაშავეები უკვე იდენტიფიცირებულები არიან. ილია უგრეხელიძე სასიკვდილოდ ათობით თვითმხილველის თვალწინ დაჭრეს, საქმის მასალებში ასევე დევს აუზის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადაც კარგად ჩანან თავდამსხმელები.

​ 

ტეგები