საგამოძიებო კომისიის წევრებმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის თვითმხილველი მოზარდები გამოკითხეს
ამობეჭდვა · 05 / 07 / 2018 21:43
საგამოძიებო კომისიის წევრებმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის თვითმხილველი მოზარდები გამოკითხეს

ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის წევრებმა ფსიქოლოგების თანდასწრებით ინციდენტის თვითმხილველ არასრულწლოვნებს მოუსმინეს. როგორც კომისიის წევრები ამბობენ, ისინი ცდილობენ, მომხდარი ტრაგედიის შემსწრე მოზარდებისგან მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ.

კომისიის წევრები ამბობენ, რომ მოწმისგან, რომლის გამოკითხვაც რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს.

„ეს არის სპეციალურად, არასრულწლოვნებისთვის მოწყობილი ადგილი, სადაც არის ისეთი გარემო, რომელიც ხელს უწყობს მათ მაქსიმალურად გახსნას, რომ ისინი იყვნენ გულწრფელები,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ ოთარ კახიძემ.

საგამოძიებო კომისიის სხდომის შესახებ კომენტარი გააკეთა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ თვითმხილველებისგან დაზუსტებული ინფორმაციის მოპოვებას ცდილობენ.

„ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად, ისეთი წესით დავკითხოთ არასრულწლოვნები, რომ მეტი ინფორმაცია წამოვიღოთ, დაზუსტებული, დეტალიზაცია მოხდეს ამ ინფორმაციის. ეს ხდება ფსიქოლოგთან ერთად, მისი უშუალო ჩარევით და მონაწილეობით. ჩვენ ე.წ. სამ კაციან ფორმატში გამოვკითხავთ ჯერ იმ არასრულწლოვნებს, რომლებიც არ არიან უფრო მთავარი მოწმეები და მონაწილეები, თუმცა სხვადასხვა რაკურსით უყურებენ მოვლენების განვითარებას,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ტეგები