მდინარე ნენსკრაში წყლის დონე კვლავ მომატებულია, ადგილზე ტექნიკის მობილიზება ხედბა
ამობეჭდვა · 06 / 07 / 2018 10:25
მდინარე ნენსკრაში წყლის დონე კვლავ მომატებულია, ადგილზე ტექნიკის მობილიზება ხედბა

მდინარე ნენსკრაში წყლის დონე კვლავ მომატებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას 1TV.GE ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ, სოზარ სუბარზე დაყრდნოით ავრცელებს.

მისი თქმით, მდინარე ხშირად იცვლის კალაპოტს და სოფლებში გზის სავალ ნაწილზე გადმოდის.

როგორც მინისტრი აცხადებს, სტიქიის ადგილზე შესაბამისი ტექნიკის მობილიზება ხდება.

„ამ წუთებშიც მძიმე ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს სოფელ ჭუბერის ერთ ნაწილში, სადაც მდინარის წყალმა შესაძლოა, საშიშროება შექმნას. ვითარება კვლავ რთულია. მდინარის დონე ჯერ არ იკლებს, ვინაიდან წუხელ მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა“, – განაცხადა სუბარმა.

მინისტრის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად, დანგრეულია ოთხი სახლი, დამხმარე ნაგებობები და სათავსოები, ასევე საფრთხის წინაშეა კიდევ შვიდი საცხოვრებელი სახლი.

სოფელ ჭუბერში, სტიქიის ადგილზე სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სოფელ ჭუბერში გაემგზავრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელიც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებსა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა, ასევე მიიღებს ინფორმაციას მოსახლეობის საჭიროებების შესახებ.

უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. სოფელი ჭუბერი და კიდევ რამდენიმე დასახლება გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო, დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები და რამდენიმე სახლი წაიღო.

ტეგები