კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს
ამობეჭდვა · 06 / 07 / 2018 21:19
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს

ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“ პირველი მოსმენით განიხილეს.

„აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი მნიშვნელოვანია, რადგან ერთი მხრივ, ხდება ანგარიშვალდებულების და საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება. მეორე მხრივ კი, ის ხარვეზები, რაც არსებულ რეგლამენტში არსებობს, კიდევ უფრო სისტემაში მოექცევა. წარმოდგენილი კანონპროექტთა პაკეტის მიხედვით ის, რაც ინტერპრეტირების საშუალებას იძლეოდა, უფრო მეტად ნათელი და მკაფიო გახდება“, - განაცხადა სხდომის დაწყებისას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ.

პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, თამარ ჩუგოშვილის, გიორგი კახიანის, ეკა ბესელიას, ირინე ფრუიძის, გურამ მაჭარაშვილის, ანრი ოხანაშვილის, არჩილ თალაკვაძის, მამუკა მდინარაძის, ირაკლი სესიაშვილის და ირაკლი ბერაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული პროექტი პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა წარადგინა.

მისი განცხადებით, რეგლამენტის პროექტზე მუშაობა თითქმის ერთი წლის მანძილზე გრძელდებოდა და ამ პერიოდის განმავლობაში, პარლამენტის წევრებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომდგენლებთან, ასევე, საერთაშორისო ექსპერტებთან და დონორ ორგანიზაციებთან მრავალი კონსულტაცია და შეხვედრა გაიმართა.

მომხსენებელმა კომიტეტების წევრებს რეგლამენტის პროექტის გათვალისწინებული სიახლეები გააცნო.

თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, ახალი რეგლამენტი მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გამომდინარეობს და ბევრი რამ, რაც რეგლამენტში იცვლება, დოკუმენტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას ისახავს მიზნად.

„მთავარი ამოსავალი არის საკონსტიტუციო რეფორმა. კონსტიტუციამ შეგვიცვალა ბევრი რამ პარლამენტთან დაკავშირებით და ეს ცვლილებები რეგლამენტში სწორად უნდა აისახოს, რადგან არასწორად ასახვის შემთხვევაში, ის ძალიან კარგი სიახლეები, რომელიც კონსტიტუციამ შემოგვთავაზა, შესაძლოა, ჩაიკარგოს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განაცხადებით, ძირითადი ცვლილებები შეეხება პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას, საკანონმდებლო პროცესის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებას, პარლამენტის სტრუქტურასთან დაკავშირებულ ცვლილებებს და თავად პარლამენტის ანგარიშვალდებულების გაზრდას, რომელიც, მეტწილად, ღია მმართველობის პრინციპებიდან გამომდინარეობს.

საპარლამენტო კონტროლისა და ზედამხედველობის ფუნქციის გაუმჯობესების მიზნით, რეგლამენტის ახალი პროექტით გათვალისწინებულია: პრემიერმინისტრის წლიური ანგარიშის წარმოდგენა პოლიტიკური დებატებით, საგაზაფხულო სესიის დასრულებისთვის; პრემიერმინისტრის რიგგარეშე მოხსენება და ანგარიში; ინტერპელაციის წესის დამკვიდრება - პარლამენტის წევრთა შვიდკაციან ჯგუფს ან ფრაქციას უფლება ექნება შეკითხვით მიმართოს საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, ან მთავრობის წევრს. შეკითხვის ადრესატები შეკითხვას პირადად უპასუხებენ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რასაც შემდეგ პოლიტიკური დებატები მოჰყვება; მთავრობის წევრის, ან სხვა ანგარიშვალდებული თანამდებობის პირის დაბარება კომიტეტის სხდომაზე; მინისტრის საათის ფორმატის დანერგვა; დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის გამარტივება; ზედამხედველობა საკანონმდებლო აქტების აღსრულებაზე; თემატური მოკვლევის ჩატარების შესაძლებლობა; პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის შექმნა და სხვა.

საკანონმდებლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს: თემატური მომხსენებლის დანიშვნას; დაჩქარებული წესით კანონპროექტების განხილვის შეზღუდვას; პლენარული სხდომებისა და საკომიტეტო მოსმენების გამიჯვნას; საკომიტეტო სხდომების დღის წესრიგის სამი დღით ადრე გამოქვეყნებას; მთავრობის მიერ თავისი კანონშემოქმედებითი გეგმების პარლამენტში წარდგენის ვალდებულებას ყოველი მორიგი საპარლამენტო სესიისთვის და სხვა. დოკუმენტის თანახმად, გაზრდილია პლენარული სხდომების დღეების ოდენობა, კერძოდ, პლენარული სხდომები ჩატარდება შესაბამისი კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს.

პარლამენტის კანონშემოქმედებითი, საზედამხედველო და სხვა საქმიანობის უკეთ წარმართვის, ასევე, საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის და პარლამენტის წევრთა შორის შრომის განაწილების მიზნით, კომიტეტის ფარგლებში იქმნება თემატური მომხსენებლის ინსტიტუტი.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, დოკუმენტში არ არის ასახული, თუმცა, არსებობს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელებს ჰქონდეთ ვალდებულება, საქართველოს პარლამენტს ანგარიში წარუდგინონ. მისივე თქმით, ასევე, კარგი იქნება გაჩნდეს შესაძლებლობა დელეგაციის ხელმძღვანელს მოუსმინოს იმ კომიტეტმა, რომელი მიმართულებითაც დელეგაციის ხელმძღვანელი საერთაშორისო პლატფორმის ფორმატში მუშაობს. „მნიშვნელოვანია, რამდენად აქვთ დელეგაციის წევრების გარდა, სხვა დეპუტატებს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება საერთაშორისო პლატფორმებში და როგორი არის ბმა საერთაშორისო და ეროვნულ პარლამენტებს შორის. მოგვიანებით, გვექნება ვალდებულება, ეს ფორმალური ბმა გავაჩინოთ, ამიტომ, ვიდრე ეს ვალდებულება გაგვიჩნდება, პროაქტიულად შეგვიძლია დავასწროთ და სხვებსაც მაგალითი მივცეთ, მათ შორის, შესაძლოა, ეს გამოცდილება სხვა ქვეყნებსაც გავუზიაროთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

„მისასალმებელი ინიციატივაა, რომელსაც მხარს დავუჭერდი. სასურველია, ანგარიშგება მოხდეს პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის სრული შემადგენლობის მონაწილეობის შესაძლებლობით. სწორი იქნება, თუ ყველა მუდმივმოქმედი დელეგაციის მუშაობის შესახებ პარლამენტს ანგარიშის მოსმენის შესაძლებლობა ექნება“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ

ტეგები