„როცა ჩანჩქერისკენ მიდიოდნენ, მწყემსი შეხვდათ...“ - ხადას ხეობაში მომხდარი შემთხვევის დეტალები
ამობეჭდვა · 08 / 07 / 2018 18:08
„როცა ჩანჩქერისკენ მიდიოდნენ, მწყემსი შეხვდათ...“ - ხადას ხეობაში მომხდარი შემთხვევის დეტალები

ხადას ხეობაში მეორე დღეა 4 წლის ბავშვს ეძებენ, რომლის მშობლებიც ჩანჩერთან ახლოს დაღუპულები იპოვეს. ადგილობრივი მცხოვრები ზურაბ ბენიაძე ამბობს, რომ ამერიკელი ცოლ-ქმრის დაღუპვა უბედური შემთხვევაა და ისინი, სავარაუდოდ, კლდიდან გადავარდნენ. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

ბენიაძის ინფორმაციით, მწყემსა დაინახა როგორ მიდიოდა ცოლ-ქმარი ჩანჩქერისკენ, კაცს კი ზურგჩანთაში ბავშვი ჰყავდა.

„როცა ჩანჩქერისკენ მიდიოდნენ, მწყემსი შეხვდათ, რომელმაც ნახა, რომ ბავშვი სპეციალური ზურგჩანთით მიჰყავდა კაცს, მაგრამ მამაკაცის ცხედართან ბავშვის კვალი ვერ აღმოვაჩინეთ. კაცის გვამი სულ შიშველი იყო, არც ზურგჩანთა ჰქონდა. ბავშვის საკიდი აღმოვაჩინეთ სულ სხვა ადგილას. მდინარის ნაპირები სულ შემოწმებულია. არაგვიდანაც კი შემოწმებულია. ბავშვი მსუბუქია და წყალს შეეძლო, არაგვამდე გაეტანა და არაგვს წაეღო“,- განაცხადა ადგილობრივმა.

7 ივლისს დუშეთში, კერძოდ, ხადას ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი დაღუპული იპოვეს. პირველადი დათვალიერებით, არც ერთ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. მიმდინარეობს გამოძიება. მათ მცირეწლოვან შვილს ხეობაში მაშველები დღემდე ეძებენ.

ტეგები