ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მომზადება იწყება
ამობეჭდვა · 09 / 07 / 2018 16:52
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მომზადება იწყება

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა 12 პროფესორ-მასწავლებელთან სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, რომლებიც, კომიტეტის აპარატის თანამშრომლებთან ერთად, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)-ის სამართლის პროგრამის კოორდინირებით რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშზე (RIA) იმუშავებენ. ყველა მათგანს გავლილი აქვს GIZ-ის მიერ ორგანიზებული სპეციალური მომზადება რეგულირების ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგიის საკითხებში.

„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტით ჩვენ გვსურს დავნერგოთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი, რომელიც ევროკავშირის სამართალში არსებული სტანდარტის შესაბამისი იქნება. კანონპროექტი ფართო საზოგადოების ყურადღებას იმსახურებს. მაღალია კანონპროექტის მიმართ საზოგადოებაში არსებული მოლოდინები“, - განაცხადა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.

კომიტეტის თავმჯდომარემ იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომელიც საკითხის ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში განხილვისას გამოიკვეთა. მისი განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში დისკუსიის და აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა, რის შემდგომაც პროექტმა მნიშვნელოვანი გადამუშავება განიცადა. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინტერესებს უკავშირდება. გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან ერთად დავიწყეთ ამ კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის ანალიზზე (RIA) მუშაობა. ეს არის პროექტი, რომელიც ეხება როგორც მომხმარებლების, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლების ინტერესებს. ჩვენ გვინდა, რომ წინასწარ იყოს ცნობილი ყველა პოტენციური შედეგი, რომელსაც ახალი კანონი გამოიწვევს. კანონპროექტი ერთი მხრივ, იცავს მომხმარებლის ეკონომიკურ ინტერესებს, აწესებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტს, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან. მეორე მხრივ კი, ქმნის ჯანსაღი კონკურენციის განვითარების პირობებს. ამდენად, საკითხი მნიშვნელოვანია, როგორც ეკონომიკური ოპერატორებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ხულორდავამ.

ანგარიშის მომზადება მომავალი 3-4 თვის განმავლობაში მოხდება. კომიტეტი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტის დაინტერესებულ ჯგუფებთან განხილვას სექტემბერ-ოქტომბერში, ხოლო კანონპროექტის ინიცირებას პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე გეგმავს.

ტეგები