ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენა გაიმართა
ამობეჭდვა · 09 / 07 / 2018 17:02
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენა გაიმართა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში საგაზაფხულო სესიაზე განხორციელებული ცვლილებების აღსრულების მონიტორინგსა და არსებულ გამოწვევებზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა.

შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა გახსნა.

„დღეს, ჩვენ შეკრებილი ვართ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის გამო. ეს არის შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება. საქართველოს პარლამენტმა, საგაზაფხულო სესიაზე, სამი მოსმენით მხარი დაუჭირა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში მთელი რიგი ცვლილებების შეტანას. გარდამავალი დებულებებით, აღნიშნული ცვლილებების პაკეტი ძალაში შედის 1 იანვრიდან და მანამდე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა სამთავრობო უწყებამ ის ვალდებულებები, რომლებიც მათ დაეკისრათ, შეასრულონ ჯეროვნად და დათქმულ ვადებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდეს შრომის ინსპექციის მანდატი და ეს არის კანონის აღსრულების მექანიზმებისკენ გადადგმული ნაბიჯი. კანონის აღსრულებისთვის ეფექტური და რეალისტური მექანიზმების შემუშავების პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია აქტიური საპარლამენტო ზედამხედველობა და საპარლამენტო კონტროლი“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამშეხვედრის მონაწილეებს სამინისტროს მიერ შრომის უსაფრთხოების კანონის ამოქმედებისათვის განხორციელებული აქტივობები და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.

თამილა ბარკალაიამ ისაუბრა საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესახებ.

„2014 წელს საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერით აიღო ვალდებულებები განსაზღვრულ ვადებში შექმნას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისი ეფექტიანი შრომის ინსპექტირების სისტემა. აღნიშნულ საკითხს დიდი ყურადღება ეთმობა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის 2017-2020 წლების დღის წესრიგშიც. აღნიშნული ვადების გათვალისწინებით, ეტაპობრივად ხორციელდება შესაბამისი საკანომდებლო ბაზის შემუშავება და გადასინჯვა, რაც ხელს უწყობს ეფექტიანი შრომის ინსპექციის ჩამოყალიბებას და სამუშაო ადგილებზე შრომითი უფლებების, შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, მათ ორიენტაციას პრევენციაზე და არა მარტო რეაგირებაზე“, - განაცხადა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ.

თამილა ბარკალაიამ ისაუბრა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის საქმიანობაზე და მიმდინარე ღონისძიებებზე.

მისი განცხადებით, სამინისტროში შემუშავდა ბრძანება, სადაც პროცედურულად გაიწერა თუ როგორ იმუშავებს სანქცირების მექანიზმი.

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონქვემდებარე აქტები.

„პირველ რიგში მნიშვნელოვანი ის, რომ დამსაქმებლებისა და დასაქმებულების აქტიური ჩართულობით და მათთან შეთანხმებით შემუშავდა მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოთა ნუსხა, რომელიც უახლოეს მომავალში გავა მთავრობის სხდომაზე“, - განაცხადა თამილა ბარკალაიამ.

მისივე თქმით, ამ პერიოდში შემუშავებული იქნა:

· შერჩევითი კონტროლის წესი და პირობები;

· შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტირებული პროგრამის მოცულობა, განხორციელების წესი და პირობები;

· პროფესიული დაავადებისა აღრიცხვის, მოკვლევისა და ანგარიშგების წესი;

· სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევის რეგისტრაციის, მოკვლევის და ანგარიშგების წესი.

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ასევე ისაუბრა ევროდირექტივების ტრანსპოზიციაზე შრომის უსაფრთხოების შესახებ ეროვნულ კანონმდებლობაში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ ისაუბრა იმ სამუშაოს შესახებ, რომელსაც ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ახორციელებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების მიმართულებით. მისივე თქმით, ზედამხედველობის პროცესში ჩართულია არიან, ასევე კერძო ინსპექტირების ორგანოები, რომლებმაც აკრედიტაცია აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ცენტრისგან მიიღეს.

მოხსენებების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების და ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენლებმა.
საკომიტეტო მოსმენა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
 

ტეგები