ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის განხორციელების სამოქმედო გეგმაზე მუშაობს
ამობეჭდვა · 09 / 07 / 2018 18:50
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის განხორციელების სამოქმედო გეგმაზე მუშაობს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაიწყო.

კომიტეტმა კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის პროექტი დღეს სამუშაო ჯგუფის ფორმატში განიხილა. სამუშაო შეხვედრას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი უძღვებოდა.

„სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტმა მიიღო. თუმცა ჩვენი ამბიცია კანონის მიღებით არ შემოიფარგლება, მნიშვნელოვანია მოხდეს მისი სრულფასოვანი ამოქმედება. იმისთვის, რომ კანონი იყოს წარმატებული აუცილებელია აღსრულების ეფექტური და რეალისტური მექანიზმები გააჩნდეს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მისი თქმით, აღსრულების მექანიზმის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი სწორედ კონკრეტული სამოქმედო გეგმაა, რომელშიც ასახული იქნება დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად განსაზღვრული სხვადასხვა აქტივობა და განისაზღვრება პასუხისმგებელი უწყებები.

სამოქმედო გეგმაში დეტალურად გაიწერება ყველა ის მიმართულება და საკითხი, რაც კანონის სრულყოფილი იმპლემენტაციისთვისაა აუცილებელი. მათ შორის, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, სოციალური მუშაკების სერტიფიცირებასთან და მათ რაოდენობასთან დაკავშირებული საკითხები.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სამინისტროების, სამოქალაქო სექტორის, პროფესიული გაერთიანებების წარმომადგენლები. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა. სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, გამოითქვა რეკომენდაციები და წინადადებები.



 

ტეგები