დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართა
ამობეჭდვა · 09 / 07 / 2018 20:07
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

კანონპროექტი კომიტეტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ წარუდგინა. მისი განმარტებით, კანონის მოქმედი რედაქციით განსაზღვრული მოთხოვნები დამატებით ბარიერს ქმნის იმ ავიაგადამზიდველებისათვის, რომლებიც შესაბამისი ნებართვების - არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ანდა საავიაციო სამუშაოების ნებართვის მისაღებად მიმართავენ ნებართვის გამცემ უწყებას - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს.

კერძოდ, ავიაკომპანიების ბარიერი და სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ აღნიშნული დოკუმენტის მიღებას, მით უფრო არარეზიდენტი იურიდიული პირის მიერ, ესაჭიროება დროის ხანგრძლივი პერიოდი. არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშაოების ნებართვის გაცემა კი ხშირ შემთხვევაში ოპერატიულობას მოითხოვს. ამგვარი ამონაწერის წარმოდგენა დროის გარკვეულ პერიოდთან არის დაკავშირებული და კანონის ამ მოთხოვნამ შესაძლებელია დააბრკოლოს მათ მიერ ფრენის განხორციელება. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება ავიაკომპანიებს ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოების ჩატარებისა და საქართველოს მიმართულებით არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის დროს.

მეორე მოსმენით განიხილა კომიტეტმა კანონპროექტი „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. მომხსენებლის, ირმა ქავთარაძის განცხადებით, კანონპროექტის მიღებით მოწესრიგდება საავიაციო მიზნებისთვის განკუთვნილი გეოდეზიური საქმიანობა და ამ მიზნისთვის შესაბამისი საკანონმდებლო საფუძველი შეიქმნება.

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კიდევ ერთი კანონპროექტი - „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ განიხილა კომიტეტმა მეორე მოსმენით. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ დეპუტატებს განუმარტა, რომ ცვლილების მიზანია „საქართველოს საზღვაო კოდექსის“ შესაბამისობაში მოყვანა „საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციასთან, რაც წევრ სახელმწიფოს გარანტიას უქმნის, რომ აღნიშნული სახელმწიფოს საზღვაო სივრცეში მომხდარი ნავთობით დაბინძურების შემთხვევაში გემთმფლობელზე დაკისრებული ვალდებულება ფინანსურად უზრუნველყოფილი იქნება. საწვავის გემიდან გაჟონვის ან ჩაღვრის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, გემის მფლობელი ვალდებული იქნება საქართველოს გადაუხადოს ზიანის საკომპენსაციო თანხა.

კომიტეტმა განიხილა პარლამენტის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. ინიციატორმა იმ რისკების შესახებ ისაუბრა, რაც ონლაინ სივრცის გავლენით არის მოსალოდნელი. მაგალითად კონტენტისა და კონტაქტის რისკები, რაც გულისხმობს პორნოგრაფიას, „კიბერგრუმინგს“ - ინტერნეტის მეშვეობით ბავშვის ნდობის მოპოვებას მისი შემდგომი გამოყენების მიზნით და ინტერნეტით დაშინებას.

დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბრა სამომხმარებლო რისკებზე, როგორიც არის ონლაინ მარკეტინგი, ყალბი ტრანზაქციები, ასევე პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები. „ყოველივე აქედან გამომდინარე აუცილებელია ბავშვებისათვის უფრო მეტად დაცული ვირტუალური სამყაროს შექმნა, მშობლების, მეურვეების და მოზარდების ინფორმირებულობის გაზრდისა და ცნობიერების ამაღლების გზით, რომ ინტერნეტი გავხადოთ უსაფრთხო ადგილი, სადაც ყველა ასაკის ბავშვი შეძლებს ახალი ტექნოლოგიების ყველა სპექტრისა და შესაძლებლობების გამოყენებას. ამიტომ მნიშვნელოვანია, საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდეს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების ვალდებულება არასრულწლოვანთა ონლაინ რისკებისგან დაცვისათვის არსებული მექანიზმების თაობაზე ინტერნეტმომხმარებელთა სათანადო ინფორმირების თვალსაზრისით“, - განაცხადა მომხსენებლმა კანონპროექტის წარდგენისას.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.

კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „საბაჟო პროცედურების გამარტივებისა და ჰარმონიზაციის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციასთან შეერთებას, რომელიც ქვეყანას საერთაშორისო საბაჟო სტანდარტების დანერგვის შესაძლებლობას მისცემს.

 

ტეგები