შოკირებული ვართ მომხდარის გამო - აშშ-ის ელჩი ამერიკელების მკვლელობაზე
ამობეჭდვა · 09 / 07 / 2018 21:23
შოკირებული ვართ მომხდარის გამო - აშშ-ის ელჩი ამერიკელების მკვლელობაზე

აშშ-ის ელჩმა საქართველოში ელიზაბეთ რუდი საქართველოს მთავრობას, ძალოვან სტრუქტურას და დუშეთის მუნიციპალიტეტს ხადის ხეობაში ამერიკელი ოჯახის მკვლელობის საქმის დროული გამოძიებისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ მან სმიტების ოჯახის სამოქალაქო სამძიმარზე ჟურნალისტებთან თქვა. ინფორმაციას "იმედინიუსი" ავრცელებს.

"შოკირებული ვართ მომხდარის გამო. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუერთდებით გარდაცვლილთა ქართველ და ამერიკელ მეგობრებს. სმიტების ოჯახს თავისი წვლილი შეჰქონდა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენ ქართველ სამართალდამცველებთან ერთად ვმუშაობთ", - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

აშშ-ის საელჩოსთან ხადის ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის სამოქალაქო სამძიმარი მიმდინარეობს.

ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობის ბრალდებით შსს-მ 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავა. საქმე გადაკვალიფიცირდა როგორც განზრახ მკვლელობა. ამერიკელთა ოჯახის წევრების მკვლელობისთვის 19 წლის მწყემსს უვადო პატიმრობა ემუქრება. მას შეურაცხადობაზე ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ.

დაკავებულის ოჯახის წევრები გამორიცხავენ, რომ მალხაზ კობაურს დანაშაულთან კავშირი ჰქონდეს.

7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი -1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა - დაღუპული იპოვეს. დღეს იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც.

მათ ორმაგი მოქალაქის სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული და რამდენიმე წელია, რაც საქართველოში ცხოვრობდნენ. 

ტეგები