დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა ნიუ ჯერსის ქართულ ქორეოგრაფიულ ანსამბლს უმასპინძლა
ამობეჭდვა · 10 / 07 / 2018 16:46
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა ნიუ ჯერსის ქართულ ქორეოგრაფიულ ანსამბლს უმასპინძლა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტში უმასპინძლა აშშ-ის ნიუ ჯერსის შტატში, წმინდა გიორგი ხანძთელის ეკლესიასთან არსებულ ბავშვთა ქართულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ „იბერიელებს“. ანსამბლი, რომელიც 2013 წელს დაარსდა და რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბადებულ და გაზრდილ ქართველ მოზარდებს აერთიანებს, საქართველოს პირველად ეწვია და ქართველი მაყურებლის წინაშე თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში საგასტროლო პროგრამით წარსდგა. ანსამბლმა ასევე, მონაწილეობა მიიღო ფესტივალში „კავკასია 2018“.

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე კომიტეტის წევრებთან ერთად ანსამბლის ხელმძღვანელ გოჩა მაღლაკელიძეს და ანსამბლის წევრებს შეხვდნენ. კომიტეტის თავმჯდომარემ  იმედი გამოთქვა, რომ ანსამბლი მომავალ წელსაც ჩამოვა საქართველოში.

„თქვენი სტუმრობა თქვენს ისტორიულ სამშობლოში, თქვენი მშობლების სამშობლოში, სადაც ისინი დაიბადნენ, გაიზარდნენ,  მართლაც მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოგზაურობა სამუდამოდ დაგამახსოვრდებათ. იგი ყოველთვის იქნება თქვენთვის სამომავლოდ  სტიმული იმისათვის, რომ ხშირად დაბრუნდეთ საქართველოში, იმიტომ, რომ აუცილებლად უნდა იცოდეთ - თქვენ ხართ ჩვენი ნაწილი, თქვენს გარეშე საქართველოს ფასი არა აქვს,  თქვენ ხართ ის ადამიანები, ის ახალგაზრდები, რომლებზედაც საქართველოს მომავალი არის დიდად დამოკიდებული. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ის სიყვარული, რომელსაც გამოხატავთ თქვენს ხელოვნებაში, კიდევ უფრო მეტად დაგაკავშირებთ საქართველოსთან და შეგაძლებინებთ ამ ქვეყნისთვის ძალიან კარგი ბევრი საქმის გაკეთებას“, - მიმართა ანსამბლის წევრებს ზვიად კვაჭანტირძემ.

ზვიად კვაჭანტირაძემ მადლობა გადაუხადა ანსამბლის ხელმძღვანელს იმ დიდი შრომისა და თავდადებისათვის, რის შედეგადაც ამერიკაში დაბადებული ქართველები მშობლიურ ქართულ კულტურას, ქართულ ფოლკლორს აზიარა.

„ის რომ ეს ბავშვები ქართულად ასე კარგად მეტყველებენ, ის, რომ მათში ქართული სული და გული ცოცხლობს, მათ მშობლებთან ერთად თქვენი დიდი წვლილიცაა, რაც ნამდვილად დასაფასებელია და მსურს ამისთვის დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩემი კოლეგებისა და პარლამენტის სახელით“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

შეხვედრის დასასრულს, ზვიად კვჭანტირაძემ, ასევე კომიტეტის წევრებმა სვეტლანა კუდბამ, ირაკლი მეზურნიშვილმა, შოთა შალელაშვილმა ანსამბლის წევრებსა და მის ხელმძღვანელს საქართველოს პარლამენტის სახელით მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.  თავის მხრივ, გოჩა მაღლაკელიძემ ანსამბლის სახელით, ზვიად კვაჭანტირაძეს მადლობის სიგელი გადასცა.

ანსამბლის წევრებმა საქართველოს პარლამენტის სასახლე დაათვალიერეს. დაგეგმილია მათი სტუმრობა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

ანსამბლის წევრებს საქართველოს პარლამენტის სასახლეში საექსკურსიო ტური ჩაუტარდათ. შეხვდა.

ტეგები