ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრში საქართველოში დამზადებული კონსტრუქცია იგზავნება - მარიამ ჯაში
ამობეჭდვა · 10 / 07 / 2018 18:41
ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრში საქართველოში დამზადებული კონსტრუქცია იგზავნება - მარიამ ჯაში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრს (CERN) შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები აქტიურად მონაწილეობენ ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში მოქმედი „ატლასის“ განახლებული ექსპერიმენტის განხორციელების ხელშეწყობაში. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უშუალო ხელმძღვანელობით „ატლასის“ ექსპერიმენტის დეტექტორის ცხრა მეტრამდე დიამეტრის რადიაციისგან დამცავი ე.წ. მცირე თვლების ორი ალუმინის სტრუქტურა მზადდება ქარხანა შპს „ელიტა-ბურჯის“ სამრეწველო ბაზაზე. ამჟამად მიმდინარეობს შპს „ელიტა-ბურჯის“ სამრეწველო ბაზაზე ალუმინის სტრუქტურის დამზადებული კავნძების ეტაპობრივი ტრანსპორტირება CERN - ში, სადაც მოხდება მათი საბოლოო აწყობა და „ატლასის“ ექსპერიმენტის დიდ „ჰადრონის“ კოლაიდერთან მიერთება.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა სამუშაო პროცესი ადგილზე მოინახულა.

„დღეს საქართველოდან ჟენევაში, ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრში, მსოფლიოს მეგაპროერქტ „ატლასში“ იგზავნება საქართველოში დამზადებული კონსტრუქცია. ეს იქნება საქართველოში მანქანათმშენებლობის დარგის განახლების დასაწყისი. ჩვენ ყოველთვის ვამაყობდით ქართველი მეცნიერებით, რომლებიც მუშაობენ ცერნში და დღეს უკვე ჩვენს სიამაყეს ახალი მიზეზი ემატება - საქართველოში წარმოებული პროდუქცია ცერნის მსოფლიო მასშტაბის კვლევების ნაწილი ხდება. ეს არის მხოლოდ დასაწყისი ეტაპი, რომელსაც დარწმუნებული ვარ, მოჰყვება თანამშრომლობის გაფართოება არა მარტო შვეიცარიასთან, არამედ სხვადასხვა ქვეყნებთან. მინდა მივულოცო თითოეულ მეცნიერს, თითოეულ ინჟინერს, რომელიც იყო ჩართული ამ პროექტში და სამომავლო წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ტეგები