შალვა თადუმაძის შვილის ნათლია ვარ, ნათესავი - არა - წულუკიანი
ამობეჭდვა · 11 / 07 / 2018 00:42
შალვა თადუმაძის შვილის ნათლია ვარ, ნათესავი - არა - წულუკიანი

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან დღეს პროკურორობის კანდიდატ შალვა თადუმაძესთან ნათესაური კავშირის შესახებ განმარტება გააკეთა. წულუკიანი ადასტურებს, რომ ის თადუმაძის შვილის ნათლიაა, თუმცა, მისი განმარტებით, ეს ნათესაობას არ ნიშნავს.

„ჩემი ნათესავი თადუმაძე არ არის. მე ვარ მისი შვილის ნათლია. მე ის გავიცანი პოლიტიკურ ბრძოლაში 2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის გარშემო ჩვენ ვიყავით იურისტების ჯგუფი შემოკრებილი, რომლებმაც ქართულ ოცნებასთან ერთად ვიბრძოლეთ და დავამარცხეთ ნაციონალური მოძრაობა.. ასე შედგა ჩვენი ნაცნობობა ბატონ შალვასთან“, - აცხადებს წულუკიანი.

მთავარი პროკურორის პოსტზე იუსტიციის მინისტრმა სამი კანდიდატი შეარჩია. მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილები არიან: ნინო გოგნიაშვილი, შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე.

თადუმაძე პროფესიით იურისტია. ის ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლამდე ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივ ინტერესებს იცავდა. 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ის ჯერ მთავრობის საპარლამენტო მდივანი გახდა, შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ხოლო აპრილში, მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი ინფრასტრუქტურის მინისტრად დაამტკიცეს, მისი პოზიცია შალვა თადუმაძემ დაიკავა.

მთავარი პროკურორი თანამდებობიდან 31 მაისს გადადგა. ირაკლი შოთაძის განცხადებით, მას არ უღირს ზაზა სარალიძის შვილის სიცოცხლედ საკუთარი თანამდებობა. ზაზა სარალიძე გასული წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამაა. 31 მაისს მან სასამართლოს განაჩენი გააპროტესტა, რომლის მიხედვითაც პროკურატურის მიერ წარდგენილი ორი ბრალდებულისგან არცერთს დაუდასტურდა მისი შვილის განზრახ მკვლელობა.

ტეგები