სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა ხელშეწყობის ფონდის შექმნის საკითხზე ნოდარ თათვიძე პრემიერს შეხვედრას სთხოვს
ამობეჭდვა · 11 / 07 / 2018 00:44
სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა ხელშეწყობის ფონდის შექმნის საკითხზე ნოდარ თათვიძე პრემიერს შეხვედრას სთხოვს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა და საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის დამფუძნებელმა ნოდარ თათვიძემ დაიწყო პროექტი სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა მხარდასაჭერად, რომელთან დაკავშირებითაც პრემიერ-მინისტრს შეხვედრის სურვილით მიმართა.

''როგორც მოგეხსენებათ დავიწყე თანამოაზრეებთან ერთად სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა ხელშეწყობის ფონდის ჩამოყალიბება, რომელიც მიზნად ისახავს იმ სტატუსშეჩერებული სტუდენტების სტატუსის აღდგენას რომლებიც მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩეოდნენ უმაღლეს სასწავლებლებში, მაგრამ  უსახსრობის გამო სწავლა ვერ განაგრძეს. 

მივმართავ თხოვნით ბატონ მამუკა ბახტაძეს, გამოიჩინოს, ინიციატივა და დაგვეხმაროს ფონდის ჩამოყალიბებაში. როგორც მოგეხსენებათ ფონდის იურიდიულ დაკანონებას რამდენიმე თვე სჭირდება, დრო კი არ ითმენს მაშინ როდესაც დაახლოებით 15 000 სტატუსშეჩერებული სტუდენტია საქართველოში თანხის გადაუხდელობის გამო. ეს ციფრი ნამდვილად საგანგაშოა და გამონაკლისის სახით აუცილებლებლობას წარმოადგენს ფონდის სწრაფად ჩამოყალიბება.  

ბატონ მამუკას მივმართავთ რომ შეგვხვდეს, რადგან ერთად განვიხილოთ პროექტთან დაკავშირებული დეტალები და ჩვენთან ერთად დაიწყოს ახალმა პრემიერმა ახალგაზრდებისთვის კეთილი საქმის კეთება. 

ვფიქრობთ რომ კომპანიების, საჯარო დაწესებულებებისა და თითოეული ადმიანის გაერთიანებით ფონდი წარმატებული იქნება და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს ერთად აღვუდგენთ სტუდენტის სტატუსს. ველით პრემიერის პასუხს", - აცხადებს ნოდარ თათვიძე.

ტეგები