მარიამ ჯაში - „სიამოვნებით შევისწავლი აფხაზურ ენას“
ამობეჭდვა · 11 / 07 / 2018 18:59
მარიამ ჯაში - „სიამოვნებით შევისწავლი აფხაზურ ენას“

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და კომიტეტის წევრები აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარეს, ვახტანგ ყოლბაიას შეხვდნენ. შეხვედრაზე აფხაზეთში განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის კუთხით არსებული გამოწვევების, განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ იმსჯელეს.

დღეს აფხაზეთში 30 ქართული საშუალო სკოლა, 2 თეატრი, 2 სახელმწიფო ანსამბლი, კაპელა, სამუსიკო სკოლა ფუნქციონირებს.

„ეს არის ის ძაფი, რომელიც აფხაზეთთან გვაკავშირებს“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

თუმცა მისივე ინფორმაციით, 30 სკოლიდან 7-ს დახურვა ემუქრება.

როგორც მარიამ ჯაშმა აღნიშნა, მთავარ პრობლემად რჩება ბავშვთა უფლებების საკითხი მშობლიურ ენაზე სწავლის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. „ჩვენ ვეძებთ გზებს საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, როგორ შეიძლება ხელი შევუწყოთ როგორც ქართული, ასევე აფხაზური ენის სწავლებას, განსაკუთრებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ბავშვებისთვის. ჩვენ განვიხილეთ შესაძლებლობები, რომ გაიზარდოს დაფინანსება აფხაზეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფ სკოლებში, რადგან აღნიშნულ სკოლებში პედაგოგთა ანაზღაურება შედარებით დაბალი რჩება. მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ დევნილობაში მყოფი მთავრობის დაწესებულებებში იყოს გათანაბრების საშუალება. ვეძებთ ასევე საშუალებებს კულტურის სფეროში, თუ როგორ შეიძლება სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების, აფხაზეთის კაპელას ფინანსური მხარდაჭერა და საერთაშორისო აღიარების მოპოვება“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემები ეტაპობრივად უნდა გადაიჭრას. „ახალი სასწავლო წლის მოახლოებისთვის გავააქტიურებთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან დიალოგს. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქართველოს მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაცია, ერთ-ერთი პირველი შეხვედრის თემა, რომელსაც ვთხოვ სამინისტროს ხელმძღვანელობას, იქნება სწორედ აფხაზეთის საკითხებთან მიმართებაში“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მარიამ ჯაშს მიაჩნია, რომ განათლება უნდა იყოს სახალხო დიპლომატიის მთავარი ხიდი აფხაზებთან. ”თუ საჯარო მოხელეებს სურვილი ექნებათ, შეისწავლონ აფხაზური ენა, ეს ძალიან დადებითად იქნება შეფასებული. მე თვითონ სიამოვნებით შევისწავლი აფხაზურ ენას, რადგან ვთვლი, რომ ვიდრე ჩვენ რუსულად ვესაუბრებით ერთმანეთს, რუსული ოკუპაცია ვერ დასრულდება საქართველოში“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ტეგები