კახა კახიშვილი „ქართული ოცნების“ გუნდის წევრად რჩება - არჩილ თალაკვაძე
ამობეჭდვა · 11 / 07 / 2018 21:26
კახა კახიშვილი „ქართული ოცნების“ გუნდის წევრად რჩება - არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მოქმედი მინისტრი კახა კახიშვილი „ქართული ოცნების“ გუნდის წევრად რჩება.

პირველი არხის კითხვის საპასუხოდ, არჩილ თალაკვაძემ არ დააკონკრეტა, რა თანამდებობაზე გააგრძელებს კახიშვილი საქმიანობას, რადგან მისი უწყება იუსტიციის სამინისტროს შეუერთდა.

თალაკვაძის თქმით, ის ადამიანები „ქართული ოცნების“ გუნდში რჩებიან, რომლებიც იმ ღირებულებების დასაცავად და იმ შედეგების უკან დგანან, რასაც ამ წლების განმავლობაში მმართველმა გუნდმა მიაღწია.

„კახა კახიშვილიც მათ შორისაა, ვინც ჩვენი გუნდის განუყოფელი ნაწილია. იმ საქმეს დადებითად შევაფასებ, რაც სოზარ სუბარმა და კახა კახიშვილმა გასწიეს. ჩვენი გუნდის წევრებისთვის გუნდში დარჩენა იგივე არ არის, რაც თანამდებობაზე მუშაობა. ჩვენ გუნდში დარჩენა იმას ნიშნავს, რომ ერთად ვსაუბრობთ და იმ საქმეებისა და მიზნებისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ, რაც თავიდანვე დავიწყეთ. გუნდში ყოფნა და დარჩენა
ამ ღირებულებებისთვის ბრძოლაა და არა რომელიმე თანამდებობაზე ყოფნა”, – განაცხადა თალაკვაძემ.

არსებული ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობას სავარაუდოდ შეინარჩუნებს, კახა კახიშვილს კი, მინისტრთა კაბინეტის დატოვება მოუწევს.

ტეგები