მთავრობაში 4 ახალი მინისტრი იქნება - არჩილ თალაკვაძე
ამობეჭდვა · 11 / 07 / 2018 22:37
მთავრობაში 4 ახალი მინისტრი იქნება - არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მინისტრთა კაბინეტში 4 ახალი მინისტრი იქნება. ცვლილება შეეხო განათლების, ფინანსთა, ეკონომიკის და საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებს. დანარჩენი 6 უწყების ხელმძღვანელი უცვლელი დარჩება.

თალაკვაძის განმარტებით, ხვალინდელ ბრიფინგზე მამუკა ბახტაძე სხვა საკადრო გადაადგილებებზეც ილაპარაკებს და ცნობილი გახდება, ყოფილი მინისტრებიდან ვინ სად გააგრძელებს მუშაობას.

ახალ სამთავრობო შემადგენლობაზე კონსულტაციების ბოლო ეტაპი უკვე დასრულდა. პრემიერმა ჯერ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს, შემდეგ კი საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში წარადგინა საკუთარი სამთავრობო გუნდი.

„გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა. პრემიერმინისტრმა საპარლამენტო გუნდს წარუდგინა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა, ახალი წევრებიც მათ შორის, რომლებიც იქნებიან მთავრობის შემადგენლობაში. ვიმსჯელეთ იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე და პრიორიტეტებზე, რომლებზეც მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებისთანავე დაიწყება მუშაობა“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ტეგები