მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა
ამობეჭდვა · 12 / 07 / 2018 10:02
მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა.

მთავრობის ახალ შემადგენლობაში სამი ახალი სახე იქნება. 

მთავრობის მეთაურის განცხადებით, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრის პოსტს დაიკავებს მიხეილ ბატიაშვილი.

ფინანსთა მინისტრის პოსტზე წარდგენილია ივანე მაჭავარიანი, რომელიც წლების განმავლობაში კომპანია "ჯეოსელში" მუშაობდა.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს დაიკავეს გიორგი ქობულია. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იბარებს დავით ზალკალიანი. ზალკალიანი აქამდე საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის მოადგილე იყო.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი კი კახა კახიშვილია, რომელიც მანამდე სასჯელაღსრულებას ხელმძღვანელობდა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, კახიშვილი მინისტრთა კაბინეტის ყველაზე წარმატებული მინისტრი იყო, რომელმაც ფუნდამენტური რეფორმები გაატარა სასჯელაღსრულების სისტემაში.

დანარჩენი 7 უწყების ხელმძღვანელი უცვლელი რჩება:

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;

შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია;

იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი;

თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – ქეთევან ციხელაშვილი.

მინისტრობის კანდიდატებს და პრემიერმინისტრს დეპუტატები 13 ივლისიდან მოუსმენენ. მთავრობას ნდობის მისაღებად 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.

მამუკა ბახტაძე 14 ივნისს ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაასახელა. გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 12 ივნისს დატოვა. ამის შემდეგ, 14 ივნისს, მამუკა ბახტაძე "ქართულმა ოცნებამ" პრემიერობის კანდიდატად დაასახელა.

ტეგები