საპარლამენტო კომისია მოზარდების მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვნებს გამოკითხავს
ამობეჭდვა · 12 / 07 / 2018 10:11
საპარლამენტო კომისია მოზარდების მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვნებს გამოკითხავს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა არასრულწლოვანი მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

არასრულწლოვნების გამოკითხვა დახურულ რეჟიმში გაიმართება. 11 ივლისს საგამოძიებო კომისიამ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები გამოკითხა.

როგორც კომისიის წევრი მამუკა მდინარაძე აცხადებს, არასრულწლოვანი მოწმეებისა და სხვა პირებისგან, გარკვეული ახალი დეტალები არის, თუმცა როგორც მდინარაძე განმარტავს, რადიკალური დასკვნის გაკეთების საშუალებას ეს ჩვენებები არ იძლევა.

„არასრულწლოვნები ვინც აქამდე დაიკითხნენ, გარკვეულ დეტალებზე საუბრობენ. ფსიქოლოგის მონაწილეობა არის ძალიან კარგი. ის ცდილობს მაქსიმალური ინფორმაცია წამოიღოს ისე, რომ სტრესული მდგომარეობა არ შეექმნათ მათ. გარკვეულ დეტალებზე და დარღვევებზე საუბრობენ პოლიცის და პროკურატურის მხრიდან, მაგრამ რაიმე მნიშვნელოვანი ხელშესახები, რაც შეიძლებოდა ჩაგვეთვალა ახალ გარემოებად ან საქმისთვის მნიშვნელოვნად, ასეთი არ ყოფილა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღეის მდგომარეობით, კომისიამ საქმეზე ორი რეკომენდაცია გასცა.

საგამოძიებო კომისიის პარალელურად, გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
 

ტეგები