მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი იქნება
ამობეჭდვა · 12 / 07 / 2018 10:22
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრი, კახა კახიშვილი დანიშნა.

„ის არის ადამიანი, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური რეფორმები გაატარა ერთ-ერთ ყველაზე რთულ მიმართულებაში, მაგრამ წარმატება და წარმატებული რეფორმები ერთ სექტორში არ არის საკმარისი. ჩვენ გვსურს წარმატებული და ფუნდამენტური რეფორმების გატარება ყველა მიმართულებით. მთავრობის ადმინისტრაციას რეფორმების კოორდინაციის საქმეში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, შესაბამისად, კახა დაიკავებს სწორედ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ადგილს და ჩემთან ერთად ამ პოზიციიდან შეძლებს, კოორდინაცია გაუწიოს ჩვენს მიერ დაანონსებული ყველა რეფორმის დროულად დანერგვას. ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროგრამის მიხედვით, ყველა რეფორმა დაინერგება 2018-2019 წლებში. რა თქმა უნდა, განათლების რეფორმა განსაკუთრებული შემთხვევაა და ის გრძელვადიანია, მაგრამ ყველა სხვა რეფორმა, რომელიც ინიცირებულია ჩვენს მიერ და ის ახალი რეფორმები, რომლებსაც შემოდგომაზე გავაჟღერებთ, დაინერგება 2018-2019 წლებში. ამ რეფორმების კოორდინაციას და დანერგვას სჭირდება სისტემური მენეჯმენტი, ეფექტური კადრებით დაკომპლექტებული ეფექტური სამთავრობო რგოლები. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მთავრობის ადმინისტრაციას აქვს განსაკუთრებული ფუნქცია და დარწმუნებული ვარ, კახა ამ ფუნქციას ღირსეულად შეასრულებს”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რეფორმების სწრაფი ეფექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება კახა კახიშვილმა.

„უწყებებში იწყება და ზოგ შემთხვევაში დაწყებულია ძირეული რეფორმები, მაგრამ ამავდროულად, მოსახლეობას სჭირდება სწრაფი ეფექტი. ამიტომაც, ჩვენ მთავრობის ადმინისტრაციიდან, პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად მაქსიმალურად გავაძლიერებთ კოორდინაციას იმისთვის, რომ სიკეთე, რომელიც მოაქვს დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებს, ძალიან მოკლე დროში მიიღოს და იგრძნოს მოსახლეობამ“, - აღნიშნა კახა კახიშვილმა.

კახა კახიშვილი 2015 წლიდან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში, აღნიშნული უწყება იუსტიციის სამინისტროს შეუერთდა.
 

ტეგები