ლენტეხის ტყეში ხანძრის ჩაქრობას ვერტმფრენიც ცდილობს
ამობეჭდვა · 12 / 07 / 2018 11:33
ლენტეხის ტყეში ხანძრის ჩაქრობას ვერტმფრენიც ცდილობს

სოფელ ზესხოში, ტყეში გაჩენილი ხანძრის სრულად ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ხანძრის კერების ლოკალიზებაში ვერტმფრენი დღეს კვლავ ჩაერთო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" წერს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან ცნობით, ადგილზე დარჩენილია ცეცხლის რამდენიმე კერა და ძირითადად დაკვამლიანება შეინიშნება. მათი ინფორმაციით, 150-მდე მეხანძრე-მაშველმა ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განაახლა. ადგილობრივი მეხანძრე-მაშველების გარდა, ადგილზე მუშაობენ თბილისის, შიდა ქართლის და იმერეთის მეხანძრე-მაშველებიც.

როგორც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე აცხადებს, ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზი მეხის დაცემაა.

„ხანძრის ბოლომდე ლიკვიდაცია იმიტომ არ მოხერხდა, რომ რელიეფია ურთულესი. იწვის ტყის ქვედა ნაწილი, ტორფი, გამხმარი წიწვი და რთულია ცეცხლის ჩაქრობა. ფართობი არ გაზრდილა, არის მცირე კერები და ძირითადად დაკვამლიანება. ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზი არის მეხის დაცემა. იქ ისეთი ადგილია, დიდი ალბათობით ვერც გამვლელი და ვერც ტურისტი ვერ მოხვდებოდა,“ - განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

ლენტეხში, სოფელ ზესხოს ტყეში ხანძარი 2 დღის წინ გაჩნდა. 

ტეგები