კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამა და მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილეს
ამობეჭდვა · 13 / 07 / 2018 19:07
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამა და მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილეს

საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების სხდომაზე სამთავრობო პროგრამა „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“  და მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილეს.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საგარეო პოლიტიკის ცალკეულ მიმართულებებზე, ბოლო პერიოდში  მიღწეულ წარმატებებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მისი განმარტებით, პრემიერ მინისტრის მიერ წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა ხუთ ძირითად პრინცის ეფუძნება და აქედან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია წარმოადგენს. 

„ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის გამყარებული, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე პარლამენტის 2016 წლის რეზოლუციით. ჩვენთვის ეს იქნება ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპები. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტი და საქმიანობა ამ მიმართულებით იქნება ძალიან აქტიური“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მან პარლამენტთან აქტიური თანამშრომლობისთვის მზაობა გამოხატა და როგორც აღნიშნა ეს ურთიერთობა იქნება მეტად ინტენსიური და კოორდინირებული.  მისი განცხადებით, ქვეყანა როგორც რეგიონალური თვალსაზრისით ისე, ტერიტორიული მთლიანობის კუთხით სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სუვერენიტეტის განმტკიცება და დეოკუპაცია იქნება საგარეო პრიორიტეტების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება“, - განაცხადა მინისტრმა.

დავით ზალკალიანმა ბოლო სამი კვირის განმავლობაში განხორციელებულ ქმედებებზე, ისაუბრა, რაც მისი თქმით, მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგების მომტანი იყო ჩვენი ქვეყნის როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ასევე, საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის კიდევ უფრო  განმტკიცების და თვისობრივად ახალ დონეზე აყვანის კუთხით.

„ჩვენ, პარლამენტთან ერთად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველო აქტიურად იყოს განხილული ყველა საერთაშორისო ფორმატზე. ერთობლივი მცდელობების შედეგად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მიღებული იყო სოფიო ქაცარავას ინიციატივით მომზადებული მნიშვნელოვანი რეზოლუცია  სახელწოდებით - „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“.    ძალიან სერიოზული კონსოლიდაცია იყო საჭირო იმისთვის, რომ ამ მიმართულებით, დელეგატების მყარი მხარდაჭერა მიგვეღო. პარლამენტთან ერთად, მომავალშიც გაგრძელდება კოორდინირებულად მუშაობა, რადგან პარტნიორებთან აქტიური მუშაობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ეფექტიანი საშუალება იმისა, რომ საქართველოს საკითხი საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში იყოს მუდმივად მაღლა“, - განაცხადა მინისტრმა. მან ასევე, ყურადღება გაამახვილა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე. „ეს არის უპრეცენდენტო რეზოლუცია, სადაც საუბარია  დეოკუპაციაზე, რუსეთის მიერ  ნაკისრი ვალდებულებების არშესრულებაზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, სადაც პოზიტიურად არის შეფასებული ქვეყნის კურსი და ის რეფორმები, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება ამ მიმართულებით. დოკუმენტში, პირდაპირი გამოხმაურება და დავალებაა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართ, რომ მათ აქტიურად იმუშაონ, რათა შესაბამისი სანქციები იქნას მიღებული იმ პირთა მიმართებაში, რომლებიც „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაში არიან მოხვედრილი. ამ სიაზე მუშაობა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრმა გამოსვლისას, ნატო-ს ბრიუსელის სამიტის შედეგები და ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეაფასა.

მისი განცხადებით, ეს სამიტი მიმდინარეობდა ძალიან სერიოზული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე. „მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული გამოწვევები არსებობს ნატო-ს არეალში, ჩვენ მოვახერხეთ, რომ ის მოლოდინები, რაც გვქონდა, ვფიქრობ, ყველა არის მიღწეული, თუმცა, ჩვენი საქმიანობა კიდევ უფრო აქტიური იქნება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი განცხადებით, ნატო-საქართველოს ისტორიაში, პირველად გაიმართა სახელმწიფო მეთაურების შეხვედრა საქართველოსთან და უკრაინასთან, სადაც  თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე მსჯელობდნენ. „ეს კიდევ ერთხელ იყო დასტური და მხარდაჭერის ხაზგასმა იმისა, რომ ნატო საქართველოს და უკრაინას აღიქვამს რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში. ეს არის მნიშვნელოვანი შედეგი, რადგან ამ სამიტზე იყო ოთხი მთავარი ფორმატი, სადაც ერთ-ერთი ცალკე საქართველოს ეთმობოდა“, - განაცხადა მინისტრმა. 

მან სხდომაზე გამოსვლისას, ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივ დეკლარაციასა და ბრიუსელის ნატო-ს სამიტის ფარგლებში სახელმწიფო მეთაურების დონეზე გამართულ შეხვედრაზე გაამახვილა ყურადღება.

​„საქართველო-ნატოს ურთიერთობის ისტორიაში მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, როდესაც ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია მიღებულ იქნა სახელმწიფო მეთაურების დონეზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოცულობითი დოკუმენტი, სადაც საუბარია იმ სერიოზული პროგრესზე, რომელსაც საქართველომ მიაღწია ევროპული და ევროატლანტიკური  ინტეგრაციის კუთხით, იმ სერიოზულ ხელშესახებ და მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომელიც განხორციელდა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რომელიც განხორციელდა ქვეყნის ეკონომიკურ-პოლიტიკური რეფორმირების კუთხით. დოკუმენტში ასევე, აღნიშნულია, რომ საქართველო არის წარმატებული ასპირანტი ქვეყანა. ასევე, ასახულია ის მიმართულებები, რომელზეც საქართველოს ნატო-ელ პარტნიორებთან ექნება თანამშრომლობა “, - განაცხადა მომხსენებელმა.

მისი თქმით აღნიშნულ დეკლარაციაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას. დოკუმენტში ასევე, საუბარია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე, სადაც რუსეთის ფედერაციის მიმართ არის მოწოდება, რომ მისი მხრიდან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები დაუყონებლივ შესრულდეს.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბრუსელის სამიტის დასკვნით დოკუმენტში კიდევ ერთხელ არის დადასტურებული საქართველოს მიმართ ალიანსის მიერ გამოხატული პოლიტიკური მხარდაჭერა ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში. კერძოდ, დადასტურებულია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა და რომ ასპირანტ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს და დაეხმაროს ალიანსში გასაწევრიანებლად: „ჩანაწერი, რომელიც არის ინტეგრაციულ პროცესთან დაკავშირებით, არის ძალიან მკაფიო. ხელახლა არის დადასტურებული 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. რა თქმა უნდა MAP-ი არის მოხსენებული, როგორც მისი შემადგენელი ინტეგრაციული ელემენტი. განსხავებით წინა სამიტებისგან, ის პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომლებზეც იყო საუბარი და რომელიც პირველად გაჩნდა უელსის სამიტის დროს, არის ცალკე გაშიფრული. საუბარი არის ნატო -საქართველოს არსებით პაკეტზე, ნატო-საქართველოს კომისიაზე, ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაზე, ანუ ყველა იმ პრაქტიკულ ინსტრუმენტზე რაც საქართველოს გააჩნია გაწევრიანების გზაზე სამოქმედო გეგმასთან ერთად. პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი ხდება სამოქმედო გეგმა, რომელიც დადგება გაწევრიანებასთან ერთად“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება კვლავ რჩება საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებად. მომხსენებელმა ამ მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებზეც და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მისი თქმით, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კვლავ არის ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. „ქვეყანას ამ მიმართულებით, ძალიან აქტიური ნაბიჯები აქვს გადადგმული საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის და მობილიზაციის კუთხით და შესაბამისად, გვაქვს მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები. ამ მიმართულებით კვლავ აქტიურად გაგრძელდება მუშაობა საქართველოს პარტნიორებთან“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, მუშაობა გაგრძელდება  საერთაშორისო თანამეგობრობასთან არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით, რაც ხელისუფლების მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.  

მომხსენებლის განცხადებით, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი არის ერთიანი, ძლიერი და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორის განვითარების ხელშეწყობა. „აღნიშნულის განსახორციელებლად აუცილებელია დიასპორასთან ისეთი მდგრადი კავშირის განვითარება, რომელიც თანამემამულეებისათვის სახელმწიფოს შესაძლებლობებზე ფართო წვდომას, საქართველოსათვის კი სახელმწიფო ინტერესების ეფექტიან განხორციელებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრმა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

თითოეულმა კომიტეტმა კენჭისყრის შედეგად, მხარი დაუჭირა სამთავრობო პროგრამას და მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

ტეგები