საქართველოს ლოგისტიკური ჰაბის სტრატეგია უფრო კომპლექსურად უნდა განვავითაროთ - გიორგი ქობულია
ამობეჭდვა · 13 / 07 / 2018 19:10
საქართველოს ლოგისტიკური ჰაბის სტრატეგია უფრო კომპლექსურად უნდა განვავითაროთ - გიორგი ქობულია

საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის კომპლექსური განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ 4 საპარლამენტო კომიტეტის მიერ ორგანიზებულ სამთავრობო პროგრამის მოსმენაზე. გიორგი ქობულიას განცხადებით, ლოგისტიკური ჰაბისთვის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა საქართველოს მნიშვნელოვანი უპირატესობაა. რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, უფრო მეტად უნდა განვითარდეს ლოგისტიკა, გაიზარდოს გადაზიდვებისა და ტვირთების მოცულობა, რისი პოტენციალიც ძალიან დიდია.

„ჩვენ თავად უნდა განვსაზღვროთ, როგორ გვინდა, საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის სტრატეგიის განვითარება; როგორც ავითვისოთ არსებული პოტენციალი, რომელიც საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას აქვს,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ. მისი თქმით,  პორტების, რკინიგზის, სხვა ტრანსპორტისა და სხვა კომპონენტების განვითარება ურთიერთშეთანხმებისა და ურთიერთზემოქმედების საფუძველზე კომპლექსურად უნდა განხორციელდეს.

საკომიტეტი განხილვისას, გიორგი ქობულიას ასევე დაუსვეს შეკითხვა ანაკლიის პორტის შესახებ. „ანაკლიის პროექტი მთლიანობაში საქართველოს ლოგისტიკური ჰაბის სტრატეგიის ნაწილია,  არ შეიძლება ანაკლიის პორტი ცალკე განვიხილოთ“, - განაცხადა  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა. მისი თქმით, ანაკლიის პორტი ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტია საქართველოში და მისი განვითარება პრიორიტეტული მიმართულებაა.

ტეგები