საპარლამენტო უმრავლესობამ სამთავრობო პროგრამა და მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილა
ამობეჭდვა · 14 / 07 / 2018 00:26
საპარლამენტო უმრავლესობამ სამთავრობო პროგრამა და მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილა

საპარლამენტო უმრავლესობამ სამთავრობო პროგრამა „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ და მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილა.

სამთავრობო პროგრამა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ წარმოადგინა.

„როგორც მე სამი კვირის წინ შეგპირდით, წარმოვადგინე მცირე მთავრობის კონცეფცია და ის რეფორმათა პაკეტი, რომელსაც ჩვენ დავნერგავთ შემდეგი წლინახევრის განმავლობაში. მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ მხარი დაუჭირეთ მცირე მთავრობის  კონცეფციას. მე მწამს, რომ სწორედ ახალი სტრუქტურით და ახალი მმართველობითი სისტემით ჩვენ შევძლებთ გავუმკლავდეთ იმ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომელიც ჩვენ გვაქვს დღეს ქვეყანაში, როგორც ეკონომიკური მიმართულებით, ასევე, სხვა მიმართულებით.

აქვე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ყოველი დღე, როგორც ეს იყო ამ სამი კვირის განმავლობაში, მომავალშიც იქნება მიმართული კონკრეტული პრობლემების და ამოცანების გადაჭრაზე“,-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, ერთ-ერთი პირველი ინიციატივა, რომელიც მთავრობის სხდომაზე გავიდა შეეხებოდა ძალიან მნიშვნელოვან საკითხს.

„ჩვენ საგადასახადო დავალიანება ჩამოვაწერეთ დაახლოებით 30 000-ს კომპანიას, რომელიც იძულებული იყო გაეჩერებინა თავისი კომერციული საქმიანობა იქედან გამომდინარე, რომ მათ საგადასახადო დავალიანება დაარიცხეს, მათ შორის ძალიან არასამართლიანად 2011-2012 წლებში“,-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.  

მამუკა ბახტაძის განცხადებით, არსებული ეკონომიკური მოდელი არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც დღეს ქვეყანაშია და ძირითად გამოწვევად, სამწუხაროდ, რჩება სიღარიბე.

„აქედან გამომდინარე, საჭიროა, და ჩვენ აუცილებლად შევქმნით თანამედროვე ეკონომიკურ მოდელს ისეთი თამაშის წესებით, რომელიც საშუალებას მოგვცემს მივაღწიოთ საქართველოში  ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდას, რომელიც შეეხება ჩვენს თითოეულ მოქალაქეს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ყველა არსებულ გამოწვევას უნდა გაეცეს ადეკვატური პასუხი, რომელსაც მოსახლეობა იგრძნობს ყოველდღიურად.

„მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ის გუნდი, რომელიც მე წარმოვადგინე, მათთან ერთად ავიღებ სრულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ყველა რეფორმა განხორციელდება, რომელიც მოცემულია ჩვენს პროგრამაში და ამ რეფორმების უმრავლესობა დაინერგება ძალიან მოკლე ვადაში. რა თქმა უნდა, ცალკე მიმართულებაა განათლების სექტორის რეფორმა, რომელიც იქნება  გრძელვადიანი“,-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, ახალ  მინისტრთა კაბინეტში იქნება ათი მინისტრი და ერთი სახელმწიფო მინისტრი და ეს იქნება ხარისხობრივად ახალი ეტაპი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამკვიდრებს.

„ჩვენ ვაშენებთ საპარლამენტო დემოკრატიას. ეს არის ჩვენი პარტიის ფილოსოფია და ჩვენ ძალიან აქტიურად ვითანამშრომლებთ პარლამენტთან. გვაქვს ძალიან ამბიციური რეფორმათა პაკეტი და ბუნებრივია, ამ რეფორმების განხორციელებას, მათ დანერგვას რეალურ ცხოვრებაში ჭირდება თქვენთან აქტიური კომუნიკაცია და მე, ისევე როგორც ჩემი კაბინეტის ყოველი წევრი, ბუნებრივია, იქნება ორიენტირებული სწორედ ამაზე.

კიდევ ერთხელ მსურს თითოეულ თქვენგანს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ ხედვით, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ, აუცილებლად გავუმკლავდებით იმ გამოწვევებს, რომელიც გავქვს ქვეყანაში და რაც მთავარია, ჩვენ 2020 წლის არჩევნებს, ისევე როგორც 2019 წლის არჩევნებს შევხვდებით ძალიან ღირსეულად, კონკრეტული შედეგებით ჩვენი მოსახლეობისთვის“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.  

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს. „ვთვლი, რომ ნამდვილად ინტენსიური კომუნიკაციით დაიწყო თქვენი და თქვენი განახლებული გუნდის თანამშრომლობა პარლამენტთან. ჩვენ ველოდებით, რომ ეს კომუნიკაცია და ურთიერთობა პარლამენტთან იქნება კიდევ უფრო აქტიური, კიდევ უფრო დინამიური და არ დარჩება არც ერთი საკითხი არც პოლიტიკურ დღის წესრიგში, არც საზოგადოების კითხვები, რომელზეც პარლამენტში თქვენი მონაწილეობით არ გაიმართება მსჯელობა და დისკუსია“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ პარლამენტში დღეს გამართულმა მოსმენებმა კიდევ ერთხელ ყველა დაარწმუნა, თუ როგორ ძლიერდება საპარლამენტო დემოკრატია საქართველოში და როგორ აჩვენებს მთავრობა ანგარიშვალდებულების მაღალ სტანდარტს პარლამენტის წინაშე.

პრემიერ-მინისტრმა და მინისტრებმა საპარლამენტო უმრავლესობის  კითხვებს უპასუხეს. ​

ტეგები