საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატს უნგრეთთან მატჩით დაიწყებს
ამობეჭდვა · 16 / 07 / 2018 10:17
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატს უნგრეთთან მატჩით დაიწყებს

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის 33-ე ჩემპიონატის პირველ მატჩს, უნგრეთის ნაკრებთან გამართავს. ევროპირველობას 14-28 ივლისს ბარსელონას “ბერნატ პიკორნელის“ სახელობის საცურაო კომპლექსი უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 16 საუკეთესო ნაკრები ითამაშებს. საქართველოს ნაკრები, რომელსაც რევაზ ჩომახიძე წვრთნის A-ჯგუფში იასპარეზებს და მეტოქეებად უნგრეთის, იტალიისა და გერმანიის ნაკრებები ეყოლება. აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატზე წარდგება ქართველი მსაჯი ირაკლი კიკალიშვილი, რომლისთვისაც ეს ევროპირველობა ჩვენი ნაკრების მსგავსად მესამე იქნება. ბარსელონაში დელეგატად იმუშავებს საქათველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ბითაძე. რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილმა გუნდმა ბარსელონაში ჩასვლის შემდეგ მესამე ვარჯიში გამართა და ევროპირველობას სრულ მზადყოფნაში ხვდება. გუნდის 13-ვე მოთამაშე ჯანმრთელადაა და ევროპის ჩემპიონატისთვის სრული დატვირთვით ემზადება. საქართველოსა და უნგრეთის ნაკრებების დაპირისპირება თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი გადასცემს. 

საქართველოს ნაკრები უძლიერეს ჯგუფში მოხვდა - უნგრეთი ცხრაგზის ოლიმპიური ჩემპიონია, სამ-სამჯერ ვერცხლი და ბრინჯაო აქვს მოპოვებული, ევროპის ჩემპიონატებზე - 12 ოქრო, 6 ვერცხლი, ამდენივე ბრინჯაო, მსოფლიოზე - 3 ოქრო, 7 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. ოლიმპიური თამაშები სამჯერ მოიგო იტალიამ , ისინი ბოლოს სწორედ ბარსელონაში, 1992 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გახდნენ ჩემპიონები. ორჯერ ვერცხლისა და სამჯერ ბრინჯაოს მედალს დასჯერდნენ; ევროპაზე - 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 6 ბრინჯაო, მსოფლიოზე კი - 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო ერგოთ. გრანდებთან შედარებით, გერმანიას მოკრძალებული შედეგები აქვს - ისინი შორეულ 1928 წელს გახდნენ ოლიმპიური ჩემპიონები, 2-ჯერ ვერცხლის და ერთხელ ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს. ევროპის ჩემპიონატებზე - 2 ოქრო, 4 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვეს, მსოფლიოზე კი მხოლოდ ერთხელ გავიდნენ მესამე ადგილზე.

14-28 ივლისი. ბარსელონა. წყალბურთის ევროპის ჩემპიონატი

A ჯგუფი. უნგრეთი, იტალია, გერმანია, საქართველო

B ჯგუფი: მონტენეგრო, მალტა, საფრანგეთი, ესპანეთი

C ჯგუფი: ხორვატია, თურქეთი, ჰოლანდია, საბერძნეთი

D ჯგუფი: რუსეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი

საქართველოს ნაკრების მატჩები ჯგუფურ ეტაპზე

16 ივლისი

საქართველო - უნგრეთი 17:30 საათი (საზოგადოებრივი მაუწყებელი)

18 ივლისი

გერმანია - საქართველო 14:30 საათი

20 ივლისი

საქართველო - იტალია 17:30 საათი (საზოგადოებრივი მაუწყებელი)

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

ნიკოლოზ შუბლაძე (მეკარე); ირაკლი რაზმაძე (მეკარე); ბექა ქავთარაძე; დამირ ცრეპულია; რევაზ იმნაიშვილი; ანდრო ბითაძე; მარკო ელაჩა; ხვიჩა ჯახაია; მიხეილ ბაღათურია; ზურაბ რურუა (კაპიტანი); კონსტანტინე გეგელაშვილი; გიორგი მაგრაქველიძე; გიორგი მესხი;

მთავარი მწვრთნელი: რევაზ ჩომახიძე

მწვრთნელი: გელა ტუკვაძე

მწვრთნელი: თამაზ კუტივაძე

ექიმი: გურამ ადამია

ფიზიოთერაპევტი: გიორგი კუჭაძე 

ტეგები