დავით ზალკალიანმა ევროკომისიის წარმომადგენლებთან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი განიხილა
ამობეჭდვა · 16 / 07 / 2018 14:56
დავით ზალკალიანმა ევროკომისიის  წარმომადგენლებთან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ევროკომისიის გაფართოვების და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში დირექტორატის (DG NEAR) უფროსის მოადგილესთან კატერინა მატერნოვასთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ფარგლებში არსებული მიღწევები,  ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესი და საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების საკითხები. ამასთან ერთად მხარეებმა განიხილეს საქართველოს-ევროკავშირის მაღალი დონის სექტორული დიალოგის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრა,  მისი მოსამზადებელი სამუშაოები და განსახილველი საკითხები. 

დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ  აღნიშნა რომ ევროინტეგრაცია წარმოადგენს  საქართველოს მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტს, რაც ასევე ასახულია ახალი მთავრობის სამოქმედო პროგრამაში.  მინისტრმა ისაუბრა მთავრობის ინიციატივაზე  საგზაო რუკის შემუშავებასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს  და კიდევ უფრო უფრო დააჩქარებს საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებას.  

ევროკომისიის დირექტორატის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს რომ საქართველო არის ლიდერი რეფორმატორი ქვეყანა რეგიონში, რაც დასტურდება ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესით პრაქტიკულად ყველა მიმართულებით.  კატერინა მატერნოვამ ხაზი გაუსვა ევროკავშირის ფინანსური დახმარების როლს რეფორმების განხორციელების მხარდაჭერაში და აცნობა ქართულ მხარეს, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს ევროკავშირის დახმარების ათვისებას, როგორც საბიუჯეტო დახმარების პროგრამების საშუალებით, ასევე მაკრო-ფინანსური და სხვადასხვა საექსპერტო დახმარების პროგრამების მეშვეობით.

ვიზიტის ფარგლებში კარეტინა მატერნოვა გამართავს შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, განათლების და მეცნიერების და სხვა უწყებებთან.

ტეგები