იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილ კანიდატს, შალვა თადუმაძეს მხარი დაუჭირა
ამობეჭდვა · 16 / 07 / 2018 14:57
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა  მთავარი პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილ კანიდატს,  შალვა თადუმაძეს მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა,  საქართველოს მთავრობის მიერ, საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე წარმოდგენილი შალვა თადუმაძის კანდიდატურა განიხილა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განმარტებით, პროცედურა საკმაოდ რთულია და რამდენიმე საფეხურისგან შედგება. „საპროკურორო საბჭოს წარედგინება 3 კანდიდატი, რომელიც სხვადასხვა პროფესიული წრეების მხრიდან წარედგინება იუსტიციის მინისტრს და საპროკურორო საბჭოზე ფარული კენჭისყრით ხდება მათგან 1 კანდიდატის შერჩევა. შემდეგ საპროკურორო საბჭო კანდიდატს წარუდგენს მთავრობის ხელმძღვანელს და ბოლო ეტაპია პარლამენტის მიერ მთავარი პროკურორის არჩევა“, - განმარტა კომიტეტის თავმჯდომარემ. მან  „პროკურატურის შესახებ კანონში“ შესატან  ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება. „ჩვენ ვმუშაობთ პროკურატურის შესახებ ახალ კანონზე იუსტიციის სამინისტროსთან, პროკურატურასთან და მთავრობასთან ერთად. ახალი კონსტიტუციური ცვლილებების ამოქმედების შემდეგ პროკურატურა გამოდის აღმასრულებელი ხელისუფლებიდან და დამოუკიდებელი ორგანო ხდება. მას არ ექნება არცერთ აღმასრულებელ შტოსთან ბმა. ერთადერთი, სადაც  ცვლილებები დაგვჭირდება და უნდა დავინახოთ ეს ბმა, არის პარლამენტი. მთავარი პროკურორის სახელწოდება იცვლება გენერალური პროკურორის სახელწოდებით. გენერალური პროკურორი წელიწადში ერთხელ ანგარიშით მოდის პარლამენტში. ანგარიში არ ეხება კონკრეტულ საქმეებს, მაგრამ ეხება ტენდენციებს, მიმართულებებს და ანალიზს“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

შალვა თადუმაძის ბიოგრაფია კომიტეტის წევრებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ნათია მიქელაძემ გააცნო, რის შემდეგაც  ასარჩევმა კანდიდატმა საკუთარი პროგრამა და ხედვა წარმოადგინა. მან ყურადღება გაამახვილა პროკურატურის რეფორმის მნიშვნელობაზე. „პირველ რიგში, აუცილებელია დავადგინოთ, რა პრობლემაა ზოგადად ინსტიტუტში.  დღეს  აშკარაა, რომ ძალიან დაბალი ნდობის ხარისხი აქვს ამ ინსტიტუტს, მეორე მხრივ,  სამართლიანობის აღდგენის მოლოდინი არის იმაზე მაღალი, ვიდრე ზოგადად ამ ინსტიტუტს ამ რესურსებით შეუძლია. საზოგადოების ნდობის დაბალი ხარისხის პრობლემა  ამ ინტიტუტს  წლების განმავლობაში გააჩნია“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.  მან საბჭოთა საქართველოს რეჟიმიდან დღემდე პროკურატურის, როგორც ინსტიტუტის საქმიანობა და  საზოგადოების  მხრიდან მის მიმართ დამოკიდებულება მიმოიხილა. „2012 წლის შემდეგ ჩვენ მივიღეთ პროკურატურა აბსოლუტურად გათავისუფლებული კორუფციისგან, ძალადობისგან, მაგრამ ინსტიტუტი, რომელიც მუდმივად პოლიტიკური თავდასხმის ობიექტი ხდებოდა. სამწუხაროდ, ნებისმიერი  წარუმატებლობა ბრალდებოდა პროკურატურას“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ. მისი მოსაზრებით, პროკურატურაში ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს. „ეს უნდა იყოს სამართლიანი პროკურატურა. სამართლიან პროკურატურაში ვგულისხმობ პროკურატურის მხრიდან გადაწყვეტილებების მიღებისას კანონის უზენაესობას. სამართლიან პროკურატურაში ვგულისხმობ შიდა ურთიერთობებში სამართლიან დამოკიდებულებას, მათ შორის, წახალისების, დაწინაურების და სხვა სახით. სამართლიან პროკურატურაში ვგულისხმობ იმ მოლოდინს, რომელიც საზოგადოებას გააჩნია - ეს არის  სამართლიანობის აღდგენა“, - აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

მან ისაუბრა ინსტიტუციურ მოდელებზე, სამართლიანობის აღდგენის ტემპებზე და ამისთვის საჭირო რესურსებზე. „საჯარო წყაროებით მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, დღეის მდგომარეობით, საქართველოს პროკურატურაში შეტანილია 52 530 საჩივარი სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით. ალბათ, გესმით ეს რა გამოწვევაა სახელმწიფოსთვის, როდესაც მოძალადე პროკურატურის პირობებში ჩვენ მივიღეთ 52 530 ადამიანი, რომელსაც განცდა აქვს, რომ ქვეყანაში უსამართლობა არსებობდა და მოლოდინი აქვს სამართლიანობის აღდგენის“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ. მისი თქმით, სამართლიანობის აღდგენა მიმდინარეობს, მაგრამ დაბალი ტემპით. მისი მოსაზრებით, იმისათვის, რომ სამართლიანობის აღდგენა დროულად განხორციელდეს, საჭიროა სისტემური მიდგომა. „სისტემურ მიდგომაში ვგულისხმობ საქმეების კლასიფიცირებას მოთხოვნების მიხედვით და შესაძლებლობების  მიხედვით“, - განაცხადა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა.

შალვა თადუმაძემ მთავარი პროკურორის თავდაჯერებულობის ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, პროკურორი, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, არაფერს არ ახორციელებს, გარდა კანონით დაკისრებული მოვალეობისა და არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებს, გარდა მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებისა. კანდიდატმა   ისაუბრა იმ ნორმატიულ აქტებზე, რომელშიც ცვლილებებია განსახორციელებელი. მან ყურადღება გაამახვილა აღმკვეთი ღონისძიებების რეფორმის მნიშვნელობაზე.

კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ დადებითად შეაფასა შალვა თადუმაძის მთავარი პროკურორის თანამდებობაზე წარდგენის ფაქტი. მისი თქმით, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტზე მომუშავე და ამ კუთხით გამოცდილი კადრის მისვლა პროკურატურაში არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი. „უწყებისთვის, რომელსაც სჭირდება საჯარო და პირად ინტერესს შორის, ასევე, ადამაინის უფლებებსა და საჯარო ინტერესებს შორის ბალანსის დაცვა, ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროდან მისული კადრი, რომელმაც იცის პროკურატურა, იცის ადამიანის უფლებები“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მთავარი პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილმა კანდიდატმა დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა, რის შემდეგაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდა: „პროკურატურის სისტემა იქნება გაცილებით უფრო ძლიერი და უფრო მნიშვნელოვანი დამოუკიდებლობის ეტაპზე, რომელსაც ის მიიღებს ახალი საკანონმდებლო ცვლილებების და კონსტიტუციური ჩანაწერის შესაბამისად. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ეს სისტემა იყოს ძლიერი, დამოუკიდებელი, კანონის პრინციპების დამცველი, ადამიანის უფლებების სტანდარტის დამცველი და ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო იქნება ის გადაწყვეტილება, რომელსაც პარლამენტი მიიღებს, რადგან პარლამენტი უკვე მეორედ ირჩევს მთავარ პროკურორს, შესაბამისად, პროკურატურის და პარლამენტის საქმიანობის პროცესში განსაკუთრებული როლი მიენიჭება იმ სტანდარტებს, რასაც დავადგენთ კანონით და რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა დაცულად იგრძნონ თავი, ნდობის ფაქტორი იყოს მაღალი, რეფორმები გაგრძელდეს და გადავიდეთ ახალ ეტაპზე, რომელიც მისცემს ახალ იმპულსს, ახალ ენერგიას და ახალ იმედებს ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომიტეტის სხდომაზე დამსწრე 9 წევრმა, ფარული კენჭისყრით, ერთხმად დაუჭირა მხარი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილ შალვა თადუმაძის კანდიდატურას.

დღესვე კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი.

კანონიდან ხდება იმ ნორმის ამოღება, რომლის თანახმადაც, სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ პირობით, თუ ქმედება, რომლისთვისაც მოთხოვნილია დახმარება, არის სისხლისსამართლებრივად დასჯადი როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით, მიუხედავად იმისა, განეკუთვნება თუ არა აღნიშნული ქმედება საქართველოსა და საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით იმავე ან სხვა დანაშაულთა კატეგორიას ან გათვალისწინებულია თუ არა ამ კანონმდებლობებში მსგავსი სახელწოდებით. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

ტეგები