"საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალურ სამიტს მასპინძლობს, რომელიც ხვალ საპარლამენტო ღიაობის კონფერენციით დაიწყება"
ამობეჭდვა · 16 / 07 / 2018 15:57
"საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალურ სამიტს მასპინძლობს, რომელიც ხვალ საპარლამენტო ღიაობის კონფერენციით დაიწყება"

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინე ფრუიძემ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალურ სამიტთან დაკავშირებით, რომელიც ხვალ თბილისში დაიწყება, ბრიფინგი გამართა.

ირინა ფრუიძე პირველ რიგში ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.

„ვუსამძიმრებ ტყიბულში, მინდელის შახტაში დაღუპული ადამიანების ოჯახებს, ტყიბულს და მთელ საქართველოს ამ უმძიმეს ტრაგედიას. მისასალმებელია, რომ მიღებულია გადაწყვეტილება ამ შახტის დახურვის შესახებ, სანამ იქ არ დამკვიდრდება უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები“,-აღნიშნა ირინე ფრუიძემ.

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალური სამიტი ხვალ საპარლამენტო ღიაობის კონფერენციით დაიწყება.

„როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანა, საქართველო წელს  ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალურ სამიტს მასპინძლობს. სამიტი ხვალ საპარლამენტო ღიაობის კონფერენციით დაიწყება. სამიტში 75-ზე მეტი ქვეყნის მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორისაა 22 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია“,-განაცხადა  ირინე ფრუიძემ.

მისი თქმით, ხვალ, საპარლამენტო კონფერენციაზე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა: პარლამენტის ღიაობა, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და საზოგადოების ჩართულობა საპარლამენტო პროცესებში.

ირინე ფრუიძემ აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც 2015 წელს ხელი მოაწერა საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციას, შექმნა ღია პარლამენტის მუდმივმოქმედი საბჭო და დაიწყო სამოქმედო გეგმის განხორციელება.

„პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის ჩვენი ფორმატი აღიარებულია მთელ მსოფლიოში როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი“,-განაცხადა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ.

ირინე ფრუიძის განცხადებით, გასულ კვირას, პარლამენტის ბიურომ მესამე სამოქმედე გეგმა დაამტკიცა.

„გასულ პერიოდში მრავალი საქმიანობა განხორციელდა, რომელმაც ხელი შეუწყო პარლამენტის მეტ ღიაობას, გამჭვირვალობას და საზოგადოების ჩართულობას საპარლამეტო პროცესებში, ისეთი როგორიც არის კომენტარის გაკეთების ფუნქცია კანონმდებლობაზე, ასევე პეტიციებისა და საკანონმდებლო ინიციატივების ელექტრონულად წარდგენის წესი“,-აღნიშნა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ.

ირინე ფრუიძის განცხადებით, საპარლამენტო დემოკრატიაში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი იყოს ძლიერი და ეფექტიანი, და ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი იქნება ღია, გამჭვირვალე და ინკლუზიური.

„ჩვენ ვაგრძლებეთ ამ მიმართულებით მუშაობას. დაგეგმილია ბევრი აქტივობა მესამე სამოქმედო გეგმის ფარგლებში. ასევე, ვგეგმავთ დავიწყოთ ფართომასშტაბიანი სამოქმედო კამპანია, რათა ჩვენს საზოაგდოებას გავაცნოთ ის ინსტრუმენტები, რომლებიც იქმნება პარლამენტში მათი ჩართულობისთვის და პარლამენტის მეტი ღიაობის უზრუნველყოფისთვის“,-აღნიშნა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ. 

ირინე ფრუიძის განცხადებით, ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარეობა საქართველომ  გასულ წელს საფრანგეთისგან გადმოიბარე და წელს კანადას გადასცემს.

„ძალიან საამაყოა ჩვენთვის, რომ მსოფლიო ინიციატივაში საქართველოს მიღწევები არის აღიარებული“,-განაცხადა ირინე ფრუიძემ.