ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ სკითხთა კომიტეტმა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
ამობეჭდვა · 16 / 07 / 2018 16:40
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ სკითხთა კომიტეტმა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

ჯანმრთლობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ კომიტეტის სხდომაზე დღეს კოლეგებს პირველი მოსმენით წარუდგინა კანონპროექტი„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

საკითხი აკაკი ზოიძემ პრინციპების დონეზე წარმოადგინა და განმარტა, რომ ეს არის თანმდევი კანონპროექტი, რომლის მიღების მიზანია მისი შესაბამისობაში მოყვანა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტთან.

აღნიშნული კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე განიხილა პარლამენტმა. მომხსენებლის განმარტებით, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ და მისი თანმდევი კანონპროექტების პაკეტის პირველი მოსმნენით მიღების დროს არ აღმოჩნდა ამ ორგანული კანონის მისაღებად საკმარისი ხმათა რაოდენობა, ამიტომ თავიდან მოხდა მისი ინიცირება და პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანა“.

აკაკი ზოიძის თქმით, - „ამის გარეშე „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის მიღების შემთხვევაში გამოვა, რომ ჩვენ მივიღებთ კანონს, შევქმნით საპენსიო სააგენტოს, რომელსაც ზედამხედველი არ ეყოლება. სააგენტოს ზედამხედველი უნდა ჰყავდეს ეროვნული ბანკი და ეს არის დამზღვევი მექანიზმი, რომ მოქალაქეების მიერ დაგროვილი საპენსიო თანხები შესაბამისად იქნება განკარგული“.

ამის შემდეგ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა აღნიშნული კანონპროექტის ხელახლა შეტანას მომავალი პლენარული სხდომების დღის წესრიგში.

კომიტეტმა დღეს სამი საკანონმდებლო წინადადება განიხილა. სამივე მათგანი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას ითვალისწინებს.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ მიერ წარმოდგენილია საკანონმდებლო წინადადება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი.

ინიციატივის შესაბამისად, კანონში არსებული საგამონაკლისო დაშვების საკითხი ზიანს აყენებს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის დანერგვის პროცესს.

კერძოდ, ცვლილება შეეხება იმას, რომ დაწესებულებების ტერიტორიაზე, ღია ადგილებზე მოწევა შესაძლებელი იყოს მხოლოდ ამისთვის სპეციალურად დადგენილ ადგილებზე.

„მიმდინარეობს მონიტორინგი, თუ როგორ არიან მომზდებული შესაბამისი სამსახურები მოქალაქის ინფორმირებისთვის, მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით. ამ მონიტორინგის შედეგად ვნახეთ, რომ მოსახლეობის მხარდაჭერაც დიდია ამ საკითხში და ეს რეალიზდა იმაში, რომ კანონი მუშაობს და ადამიანები მას იცავენ, პირველი თვის მანძილზე სულ 100-მდე ჯარიმა იყო. 6 თვის მანძილზე ის თანდათან სოციალურ მოთხოვნად იქცევა. თუმცა არის სიტუაციები, როდესაც მწეველებსაც უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ადგილები, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, კლინიკებში, უმაღლეს სასწავლებლებში და სხვა, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ სხვისი უფლებების შელახვის გარეშე მოწიონ თამბაქო. ამიტომ კომიტეტი იმსჯელებს წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის სახით ჩამოვაყალიბებთ“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კომიტეტი ასევე იმსჯელებს კიდევ ორ საკანონმდებლო წინანდებაზე, რომლებიც ფაქტობრივად ერთმანეთის საპირისპირო შინაარსისაა.

ააიპ „საქართველოს სათამაშო ბიზნენის ასოციაციის“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ გულისხმობს, რომ ნაცვლად სამორინესი, ჩაიწეროს სათამაშო და აზარტული თამაშები, რადგანაც მათი მოსაზრებით, სლოტბარების, აზარტული თამაშების და ტოტალიზატორების ნაწილი განთავსებულია ცალკე, სამორინეს გარეშე და ისინი არაკონკურენტულ პირობებში არიან ჩაყენებული იმათთან, რომლებიც სამორინეებთან არის განთავსებული და სადაც კლიენტებს აქვთ მოწევის უფლება. მათი თქმით, ეს იწვევს კლიენტურის გადადინებას.

იურიდიული კომპანია LPA Law Firm პარტნიორის ლევან ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ გულისხმობს, რომ გაუქმდეს ის გამონაკლისი, რომელიც ეხება დახურულ შენობებში, სამორინეებში და სიგარა ბარებში მოწევის შესაძლებლობას.

ასევე, ცვლილება ითვალისწინებს თამბაქოს განლაგების წესებს, კერძოდ სიტყვათა შეთანხმება„აეროპორტში საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონაში“ ჩანაცვლდეს ჩანაწერით „თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში“.

ტეგები