თბილისის მერის მოადგილე ცხოველთა უფლებადამცველებს ხვდება
ამობეჭდვა · 16 / 07 / 2018 20:31
თბილისის მერის მოადგილე ცხოველთა უფლებადამცველებს ხვდება

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი ვახტანგ ლომჯარია ცხოველთა უფლებადამცველებს ხვდებიან.

თბილისის მერიასთან აქცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ისინი ვახტანგ ლომჯარიას გადადგომას და პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ.

მათი თქმით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოკადრები ნათლად ასახავს, თუ როგორ სასტიკად ეპყრობიან თავშესაფარში ცხოველებს. 

რამდენიმე დღის წინ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო სკანდალში გაეხვა. სოციალურ ქსელ Facebook-ში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის თავშესაფარში მკვდარი და მომაკვდავი ძაღლებია ასახული. 

ცხოველთა დამცველები წერდნენ, რომ მიუსაფარ ცხოველებს დაუნდობლად ეპყრობიან. ისინი ასევე ითხოვდნენ ჯერ კიდევ ცოცხალი ცხოველების ქუჩაში დაბრუნებას.

14 ივლისს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ სოციალურ ქსელში მკვდარი ცხოველებისთვის განკუთვნილ ოთახში გადაღებულ კადრებზე განცხადება გაავრცელა და გამოძიების დაწყება მოითხოვა.

16 ივლისს ვახტანგ ლომჯარიამ თავშესაფარში არსებული ვითარება თბილისის მერის მოადგილეს მაია ბითაძესა და მედიის წარმომადგენლებს გააცნო. მისი თქმით, თავშესაფარში ყოველდღიურად 300-მდე ცხოველია, რომელთაც სხვადასხვა სახის მკურნალობა და სტერილიზაცია უტარდებათ.

ტეგები