საქართველოს ნაკრები ცხრაგზის ოლიმპიურ ჩემპიონთან დამარცხდა
ამობეჭდვა · 16 / 07 / 2018 20:50
საქართველოს ნაკრები ცხრაგზის ოლიმპიურ ჩემპიონთან დამარცხდა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა, ბარსელონაში “ბერნატ პიკორნელის“ სახელობის საცურაო კომპლექსზე მიმდინარე ევროპის 33-ე ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა და უნგრეთის უძლიერეს ნაკრებთან, რომელიც 9-გზის ოლიმპიური ჩემპიონია - 5:12 დამარცხდა. უნგრეთის ნაკრებმა უპიტასეობა თავიდანვე მოიპოვა და ანგარიშში სხვაობა ეტაპობრივად გაზარდა.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რევაზ ჩომახიძემ თავის გამოჩენის შესაძლებლობა თითქმის ყველა მოთამაშეს მისცა. ეროვნული გუნდიდან 2 გოლის გატანა დამირ ცრეპულიამ შეძლო, თითო-თითო გოლი გაიტანეს ბექა ქავთარაძემ, ანდრია ბითაძემ და კაპიტანმა ზურაბ რურუამ. გუნდის თავკაცი მაქსიმალურად ცდილობს ძალების გადანაწილებას, რათა ჩვენი ნაკრები სასურველ ფორმაში შეხვდეს იმ მატჩებს, სადაც წარმატების გაცილებით მეტი შანსი ექნება. ასეთი შეხვედრა იქნება ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი გერმანიის ნაკრებთან, რომელსაც საქართველოს ნაკრები 2016 წელს, ბელგრადში გამართულ ევროპის ჩემპიონატზეც დაუპირისპირდა და მაშინ მინიმალური სხვაობით დამარცხდა. საქართველოსა და გერმანიის ნაკრებების შეხვედრა 18 ივლისს გაიმართება და გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი შეძლებს ბრძოლა გააგრძელოს მე-9-მე-12 ადგილების დასაკავებლად, რაც ავტომატურად იქნება წინა ევროპის ჩემპიონატებზე ნაჩვენები შედეგის გაუმჯობესება. გერმანიის ნაკრები შორეულ 1928 წელს გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, 2-ჯერ ვერცხლის და ერთხელ ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა. ევროპის ჩემპიონატებზე - 2 ოქრო, 4 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვა, მსოფლიოზე კი  ერთხელ გავიდა მესამე ადგილზე. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო ევროპირველობაზე 2014 წელს, ბუდაპეშტში ითამაშა და შვიდივე მატჩი დათმო, 2016 წელს თურქეთის ნაკრების დამარცხებით 16 გუნდს შორის მე-14 ადგილი დაიკავა. რევაზ ჩომახიძის გუნდის მიზანი წინა ევროპირველობებზე ნაჩვენები შედეგების გაუმჯობესება და უკეთესი ადგილის დაკავებაა. 

14-28 ივლისი. ბარსელონა. წყალბურთის ევროპის ჩემპიონატი

A ჯგუფი. უნგრეთი, იტალია, გერმანია, საქართველო

B ჯგუფი: მონტენეგრო, მალტა, საფრანგეთი, ესპანეთი

C ჯგუფი: ხორვატია, თურქეთი, ჰოლანდია, საბერძნეთი

D ჯგუფი: რუსეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი

 

საქართველოს ნაკრების მატჩები ჯგუფურ ეტაპზე

16 ივლისი

საქართველო - უნგრეთი 17:30 საათი (საზოგადოებრივი მაუწყებელი)

18 ივლისი

გერმანია - საქართველო 14:30 საათი

20 ივლისი

საქართველო - იტალია 17:30 საათი (საზოგადოებრივი მაუწყებელი)

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

ნიკოლოზ შუბლაძე (მეკარე); ირაკლი რაზმაძე (მეკარე); ბექა ქავთარაძე; დამირ ცრეპულია; რევაზ იმნაიშვილი; ანდრო ბითაძე; მარკო ელაჩა; ხვიჩა ჯახაია; მიხეილ ბაღათურია; ზურაბ რურუა (კაპიტანი); კონსტანტინე გეგელაშვილი; გიორგი მაგრაქველიძე; გიორგი მესხი;

მთავარი მწვრთნელი: რევაზ ჩომახიძე

მწვრთნელი: გელა ტუკვაძე

მწვრთნელი: თამაზ კუტივაძე

ექიმი: გურამ ადამია

ფიზიოთერაპევტი: გიორგი კუჭაძე 

ტეგები