ექსპერტიზა ავტოსაგზაო შემთხვევაში მერაბ კვირიკაშვილის ბრალეულობას გამორიცხავს - ადვოკატი
ამობეჭდვა · 16 / 07 / 2018 20:53
ექსპერტიზა ავტოსაგზაო შემთხვევაში მერაბ კვირიკაშვილის ბრალეულობას გამორიცხავს - ადვოკატი

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სამი გამომძიებელი დაიკითხა.

შემდეგი სხდომებზე სასამართლოში იმ ექსპერტების ჩვენებებს მოუსმენენ, რომლებიც საქმეზე ექსპერტიზის მომზადებაში მონაწილეობდნენ. საქმეზე სამი ექსპერტიზაა მომზადებული, თუმცა ჯერ სხდომაზე არც ერთი არ გამოუკვლევიათ. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

სახელმწიფო ბრალდების მიერ მომზადებული პირველი ექსპერტიზის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია მერაბ კვირიკაშვილის მართვის ქვეშ მყოფმა ავტომობილმა. სწორედ ამ ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ საგამოძიებო უწყებამ კვირიკაშვილს ბრალი წარუდგინა.

კვირიკაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მან თავადაც მიმართა და ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება თხოვა.

ნუკრი კვინიკაძის მტკიცებით, ალტერნატიული ექსპერტიზა ავტოსაგზაო შემთხვევაში კვირიკაშვილის ბრალეულობას გამორიცხავს. ადვოკატი იმასაც ამტკიცებს, რომ განმეორებითი ექსპერტიზა პროკურატურამაც ჩაატარა, რომლის შედეგები საგამოძიებო უწყების მიერ ჩატარებული პირველი ექსპერტიზის დასკვნისგან განსხვავდება და კვირიკაშვილის ბრალეულობას გამორიცხავს. თუმცა, ადვოკატის მიერ ხსენებული ეს ექსპერტიზები ჯერ სხდომაზე არ გამოუკვლევიათ და ექსპერტებს მათ შესახებ არ უსაუბრიათ.

რაც შეეხება დღევანდელ სხდომაზე დაკითხულ გამომძიებლებს, მათ მომხდარის შემდეგ საქმის რამდენიმე მოწმე დაკითხეს, რომელთა წერილობითი ჩვენებები საქმეში დევს. გამომძიებლების მიერ დაკითხული მოწმეები, არ იყვნენ საქმის პირდაპირი თვითმხილველები .

„სექტემბერში დაიწყება ექსპერტიზის გამოკვლევა. ყველა ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბრალეულობა არ იკვეთება, მათ შორის სახელმწიფო ბრალდების მიერ დანიშნული კომპელქსურ-კომისიური ექპერტიზის დასვნით. მომხდარის შემდეგ ბრალდების მხარემ რომ ჩაატარა ექსპერტიზა დადგენილი იყო, რომ კვირიკაშვილის ბრალით მოხდა ავარია და ამის საფუძველზე წარედგინა ბრალი. ამის შემდეგ ექსპერტიზის ჩატარება უკვე ჩვენ მოვითხოვეთ და კონკრეტული კითხვები დავუსვით სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. იკვეთებოდა თუ არა კვირიკაშვილის ბრალეულობა? მოვიდა დასკვნა, რომ არ იკვეთებოდა. მე ეს ექსპერტიზა წარვადგინე სასამართლოში და როდესაც ბრალდებამ ნახა, რომ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ექსპერტიზა იდო საქმეში, მან თავადაც მიმართა სასამართლოს, რათა უფლება მიეცათ ისევ დაენიშნათ კომპლექსური ექსპერტიზა შსს-ში და სამხარაულში. ჩვენც დავეთანხმეთ, რადგან სიმართლის დადგენით ვართ დაინტერესებულები. მოვიდა დასკვნა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში კვირიკაშვილის ბრალეულობა არ იკვეთება“, – განაცხდა ადვოკატმა.

მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე შემდეგი სხდომა 3 სექტემბერს, 16:00 საათზე ჩატარდება.

2016 წელს ავტოსაგზაო შემთხვევას მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, ასევე 26 წლის გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე ნუცა კალანდარია და მათი მეგობარი ანი ჩხაიძე ემსხვერპლნენ.

ტეგები