უმოწყალოთ ნადგურდება ბახმაროს უნიკალური ლანდშაფტი-გაჩეხილი ნაძვები და უკანონო მშენებლობა კურორტზე
ამობეჭდვა · 16 / 07 / 2018 23:18
უმოწყალოთ ნადგურდება ბახმაროს უნიკალური ლანდშაფტი-გაჩეხილი ნაძვები და უკანონო მშენებლობა კურორტზე

ბახმაროში, უკანონო მშენებლობები და სახლის ასაშენებლად გაჩეხილი ნაძვები უკვე რამდენიმე წელია ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. 

კურორტზე, სადაც წესები და კანონები მხოლოდ ჩვეულებრივ დამსვენებლებზე მოქმედებს, გავლენიანი და შეძლებული ადამიანები ისე იტაცებენ და ისაკუთრებენ მიწებს, ამაზე ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი ხელისუფლება ინფორმაციას არც კი ფლობს. 

მიწების მიტაცება და სრული განუკითხაობა-ბახმაროში შექმნილ მდგომარეობაზე ის დამსვენებლები საუბრობენ, რომლებიც წლების განმავლობაში სისტემატურად სტუმრობენ კურორტს. 

"დღეს რაც ბნახმაროში ხდება, 20-25 წლის განმავლობაში ასეთი რამ ბახმაროელებს არ გვახსოვს. შეგიძლიათ ნებისმიერი ადგილი, რომელიც თქვენ მოგეწონებათ მოიხაზოთ, ამისთვის გადაიხადოთ ფული ქრთამის სახით და გაიტანოთ თქვენი. უმოწყალოთ ნადგურდება ბახმაროს უნიკალური ლანდშაფტი. არავინ პატრონი არ არის. ამას ხელს აფარებენ ბატონები ხელისუფლებიდან, ან მეორე მხრივ დიდი ფული აქვთ აღებული. იმიტომ, რომ აქ მიწა ძალიან ძვირი ღირს. თუ იმის ამბიცია გაგიჩნდა, რომ ტყეში შეხვიდე, იქ დადგა სახლი და იმ ადგილის მეფე გახდე, ამას სერიოზული პატრონი სჭირდება, ან ძალიან ბევრი ფული"-აცხადებს ბახმაროს განვითარების ხელშემწყობი ასოციაციის თავმჯდომარე, არმაზ ახვლედიანი და მაგალითად მოჰყავს ერთ-ერთ სარეკრეაციო ზონის ტერიტორიაზე, ჩამოჭრილი ტყის ნაწილი და გაჩეხილი ხეები. იქ სახლის ასაშენებლად ყველაფერი მომზადებულია.  ერთ-ერთი ადგილი, რომელიც გაურკვეველმა, მაგრამ სავარაუდოდ, გავლენიანმა მოქალაქემ მოიხაზა, პირდაპირ სარეკრეაციო ზონაზე გადის.

ვინ აშენებს სახლს, უცნობია. ადგილზე ამბობენ, რომ ტყეში საცხოვრებელის აშენების მსურველი ვინმე ჭეიშვილია. კურორტზე დამსვენებლები ჰყვებიან, რომ ეს პირი თბილისის მერის, კახი კალაძის, მეგობარია.

"საშიშია ასე ტყის გაჭრა და ხეების გაჩეხვა. შეიძლება ეს მთები ჩამოინგრეს"

კურორტ ბახმაროს დირექტორი, დავით საჯაია, ამბობს, რომ ბახმაროში უკანონო მშენებლობების პრობლემა ნამდვილად არის, თუმცა, ყველა მათგანი ჯარიმდება. ადასტურებს იმასაც, რომ ტყეში სახლს ნამდვილად ვინმე ოზურგეთელი ჭეიშვილი აშენებს, თუმცა, რა კავშირი აქვს მას კალაძესთან, არ იცის.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი კი ამბობს, რომ მეპატრონის ვინაობა, ვინც სახლს სარეკრეაციო ზონაში იშენებს, უცნობია. მაგრამ უკანონო მშენებლობისთვის ის უკვე დააჯარიმეს. თუმცა, გაუგებარია, როგორ დააჯარიმეს ადამიანი, რომლის ვინაობაც ოფიციალურად დაუდგენელია

"ის არავის საკუთრება არ არის. სახელმწიფოს საკუთრებნაშია, ამიტომ არავის არა აქვს უფლება რამე უკანონოდ ააშენოს. ამაზე მიმდინარეობს ახლა მოკვლევა, ვინ ამუშავა იქ ტექნიკა. წელს 12 ადამიანს გადაეცა აღსრულება, უკანონო მშენებლობის დემონტაჟის თაობაზე. ასევე 4 მოქალაქეს სოლიდური ჯარიმის 25 ათასი ლარის გადახდა მოუწევს. 

სოლიდური ჯარიმების მიუხედავად, უკანონო მშენებლობები ბახმაროში გრძელდება. ადგილობრივები გვეუბნებიან, რომ მიწებს ძირითადად თანამდებობის პირები ისაკუთრებენ. თანხის გადახდაც უღირთ იმისთვის, რომ უნიკალურ კურორტზე კერძო საკუთრება დარჩეთ:

"ის ან თანამდებობის პირია, ან დიდი კაცის ნათესავია და აკეთებს ამას. ჩვეულებრივ ადამიანებს არაფრის უფლება არ გვაქვს. მაგათია ეს ქვეყანა, თორემ გლეხის რა არის?'~

"თუ არის თანამდებობის პირი აშენებს ის, ჩვენ ვერაფერს ვერ ვაკეთებთ"

"ჩვენ ვინ რის საშუალებას მოგვცემს? გლეხისთვის რამე არის საერთოდ?"-ყუვებიან დამსვენებლები. 

ბახმაროელები კიდევ რამდენიმე პრობლემაზე საუბრობენ. კურორტის ცენტრში პატარა მდინარე ხანმოკლე წვიმის დროსაც ძალიან დიდდება. წლებია კალაპოტი არ გაწმენდილა და ადიდებული წყალი საფრთხეს კოტეჯებსაც უქმნის. მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ ამისთვის საჭირო თანხები ჯერ ვერ გამოძებნეს, არადა ამ პრობლემის მოგვარებას მხოლოდ ერთი ტრაქტორი და 5 ათასი ლარი სჭირდება. 

 

 

წყარო