Myvideo.ge-მ საზოგადოებრივი მაუწყებელი და მეორე არხი გათიშა
ამობეჭდვა · 16 / 07 / 2018 23:39
Myvideo.ge-მ საზოგადოებრივი მაუწყებელი და მეორე არხი გათიშა

მსოფლიო ჩემპიონატის თამაშების ტრანსლირების შეზღუდვის გამო, Myvideo.ge-მ თავისი ვებგვერდიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი და მეორე არხი გათიშა. ამის შესახებ Myvideo.ge-მ განცხადება გაავრცელა.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირველი და მეორე არხი გათიშულია myvideo-ს ყველა პლატფორმაზე, მათ შორის საზღვარგარეთ, “კომუნიკაციების ეროვნული კომისიის” N 374/18 გადაწყვეტილების საფუძველზე. შესაბამისად აღნიშნულ ორ არხზე წვდომა შეეზღუდა 2 მილიონზე მეტ ჩვენს მოქალაქეს, რომელთა 25% იმყოფება საზღვარგარეთ. მაუწყებლობა აღდგება მას შემდეგ, რაც “საზოგადოებრივი მაუწყებელი” შეასრულებს ამავე გადაწყვეტილებით და მაუწყებლობის შესახებ კანონით დაკისრებულ ვალდებულებას, მოგვაწოდოს სიგნალი არადისკრიმინაციული (სხვა ავტორიზებული ტრანზიტორებისა და საკუთარი ინტერნეტ მაუწყებლობის იდენტური) საეთერო ბადით. ბოდიშს გიხდით, თუ ამ პერიოდის განმავლობაში თქვენ არ გექნებათ "მოამბის" ყურების საშუალება" - წერია Myvideo.ge-ის განცხადებაში.

28 ივნისს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ Myvideo.ge-ს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირების დროს, საზოგადოებრივის სიგნალის გათიშვა დაავალა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მაუწყებელი მატჩების ტრანსლირების ექსკლუზიურ უფლებას ფლობს. 

3 ივლისს Myvideo.ge-მ განაცხადა, რომ ისინი სიგნალის გათიშვას არ აპირებდნენ.

5 ივლისს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებების დარღვევისთვის, კერძოდ, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლაციის არამართლზომიერი ჩვენებისთვის Myvideo.ge 3 000 ლარით დააჯარიმა.

12 ივლისს კი სასამართლომ Myvideo.ge-ს მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირება აუკრძალა.

ტეგები