"ხუთი თვის შვილთან ერთად შესაძლოა ქუჩაში აღმოვჩნდე" - 18 წლის მარტოხელა დედა
ამობეჭდვა · 17 / 07 / 2018 17:12
"ხუთი თვის შვილთან ერთად შესაძლოა ქუჩაში აღმოვჩნდე" - 18 წლის მარტოხელა დედა

18 წლის მარტოხელა დედა, რომელიც 5 თვის შვილს ზრდის, თავშესაფარს ითხოვს. ინფორმაციას „ნიუპოსტი“ ავრცელებს.

როგორც ქრისტინა სიხარულიძე, „ნიუპოსტს“ უყვება, ახლა ის, თავის ჩვილთან ერთად მამინაცვალის ბინაში ცხოვრობს, რომელიც სოფელ მერიაში, სოციალურად დაუცველებს გადაეცათ.

ქრისტინა ამბობს, რომ მას მამინაცვალმა სხვა ბინაში გადასვლა მოსთხოვა. სოციალურად დაუცველი დედა-შვილი თავშესაფარს ქალაქის მერიას სთხოვს, რადგან რამდენიმე თვის შვილთან ერთად შესაძლოა მალე ღია ცის ქვეშ აღმოჩნდეს.

"მე პირადად სოფელ ძიმითში ვიყავი ჩაწერილი. დედაჩემს იქ მიწა ჰქონდა, რომელიც მერე გაყიდა. დროებით მამასთან ცხოვრობდი ჩოხატაურში. მამა ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა და ახლა მამინაცვალის ბინაში ვარ. მასთან არ მაქვს კარგი ურთიერთობა, თან იქ ჩემი ნახევარ და-ძმები ცხოვრობენ. ერთხელ მამინაცვალთან კონფლიქტი გვქონდა და მას მერე გაბრაზებულია ჩემზე. მერიაში, ოროთახიან ბინაში ვართ ახლა. იქ მოდის ხოლმე ბავშვის მამა, შვილის სანახავად და ამაზე ძალიან ბრაზობს. მთხოვს წავიდე მისი ბინიდან. ხუთი თვის შვილთან ერთად შესაძლოა ქუჩაში აღმოვჩნდე", - გვიყვება რესპონდენტი.

ქრისტინა 15 წლის იყო, როცა მას 16 წლით უფროსმა მამაკაცმა ცოლობა სთხოვა. როგორც ის გვეუბნება, მაშინ დედასთან ერთად, ყოფილი საავადმყოფოს შენობაში ცხოვრობდა. სადაც მერიამ უსახლკაროები შეასახლა. სწორედ იქ გაიცნო მისი შვილის მამა, რომელმაც ის მოატყუა და რამდენიმე თვის ფეხმძიმე მიატოვა:

"ცოლობა რომ მთხოვა, გავიპარე და ქირით გადავედით საცხოვრებლად. რამდენიმე თვეში გავიგე, რომ მას ოჯახი ჰყავდა. ცოლი და შვილები. ფეხმძიმედ ვიყავი, როცა ურთიერთშელაპარაკების დროს ხელი დამარტყა. ამის გამო პოლიციაში დავრეკე. გამიბრაზდა და ბავშვი რომ დაიბადა გვარი არ მისცა. მაშინ მისი ცოლი მოვიდა ჩემთან და მითხრა, დააჭერინე თუ გინდა, სულ არ ვარ წინააღმდეგიო. ბავშვი ჩემს გვარზეა, მამიმისი მოდის ხოლმე და ნახულობს.

ორი კვირაა დავდივარ ოზურგეთის მერიაში ბინის თაობაზე და დღეს-ხვალეს ძახილში აქამდე მოვედი. სოციალური დახმარება გვაქვს, 110 ლარი თვეში, ბავშვს საკვების ვაუჩერიც აქვს, თვეში 80 ლარიანი. ბინის დაქირავებას ვერ ვახერხებთ ჯერ, ბევრი გვყავს რიგში და ბიუჯეტი ამდენს ვერ წვდებაო. ჩემი შვილის მამა ვერ მეხმარება, არა აქვს საშუალება, რომ ქირა გვიხადოს", - ამბობს ქრისტინა სიხარულიძე.

თუ რა მიზეზით ეუბნებიან უარს მარტოხელა დედას ოზურგეთის მერიაში და რატომ ვერ ხერხდება მისთვის ბინის ქირით უზრუნველყოდა, ამ კითხვით „ნიუპოსტმა“ მერის მოადგილეს, სოციალურ საკითხებში ირაკლი სირაძეს მიმართა.

"2014 წელს, როცა გამგეობაში ვმუშაობდი, ბინის ქირას ვუხდიდიდით სულ 8-9 ოჯახს, მერე მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა და დავიწყეთ სოციალურ სახლზე ფიქრი. მერე სხვები მოვიდნენ ხელისუფლებაში და ოზურგეთში უკვე ორი ასეთი სახლია, ძველი საავადმყოფოს შენობა და მერიის ყოფილი სამხედრო ბინები. 150 ოჯახია განთავსებული ამ სოციალურ სახლებში და 80-მდე დაგხვდა ქირაზე. ახლა უკვე 85 ოჯახია. ფიზიკურად მეტს ბიუჯეტი ვერ წვდება. ახლა აქტიურად ვაწარმოებთ იმის შესწავლას, რამდენად კანონიერად არიან ოჯახები ამ ქირავნობის პროგრამაში ჩართულები. შესასწავლია ეს საკითხი და ვსწავლობთ. ასევე შესასწავლია, თუ რამდენად ეკუთვნით იმ ადამიანებს სოციალურ სახლებში ფართი, ვინც იქ ყავთ შესახლებულები.

ქრისტინას მსგავსად, არის რამდენიმე მარტოხელა დედა. 2-3 შვილი რომ ჰყავთ და თავშესაფარს ითხოვენ. მე ველაპარაკე ქრისტინას და ვუთხარი, რომ ცოტა დრო გვჭირდება, მალე განთავისუფლდება ხუთი ბინა და ერთ-ერთი თვითონ იქნებოდა, ვისაც დავაკმაყოფილებდით. ვიზრუნებდით მასზე. ჩვენ ის უარით არ გაგვისტუმრებია", - განაცხადა ირაკლი სირაძემ.

ტეგები