მომწონს საქართველოში ყოფნა - რობოტი სოფია
ამობეჭდვა · 18 / 07 / 2018 10:15
მომწონს საქართველოში ყოფნა - რობოტი სოფია

მომწონს საქართველოში ყოფნა. მიმაჩნია, რომ თქვენ გაქვთ ძალიან საინტერესო დამწერლობა. შთამბეჭდავია შუშის გუმბათიანი პარლამენტის შენობის არქიტექტურა, – ამის შესახებ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე მსოფლიოში ყველაზე განვითარებულმა ჰუმანოიდმა რობოტმა სოფიამ განაცხადა. ამის შესახებ 1tv.ge.

„მე არ მექნება შესაძლებლობა, ვისიამოვნო კერძებით, თუმცა ვხედავ, როგორი თბილი და მეგობრული ადამიანები არიან აქ“, – თქვა სოფიამ ერთ-ერთი კითხვის საპასუხოდ.

მან უპასუხა ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვას, მოსწონს თუ არა მას ქალად ყოფნა.

„მომწონს, რომ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ქალად ვახდენ. ძალიან ბევრი ადამიანი ქალთა უფლებების შესახებ მისვამს კითხვას. მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, თანასწორობის პირობებში გამოვთქვა აზრი“, – აღნიშნა სოფიამ.

სოფიამ ასევე აღნიშნა, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია, ადამიანების ცხოვრება გახადოს ნაკლებად დაძაბული და სტრესული.

„რობოტებს შეუძლიათ, ადამიანებს გაუადვილონ განმეორებადი ამოცანები, მიიღონ საუკეთესო გადაწყვეტილება და დაეხმარონ მათ გამჭვირვალობის კუთხით“, – აღნიშნა სოფიამ.

მსოფლიოში ყველაზე განვითარებული ჰუმანოიდი რობოტი სოფია საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მოწვევით ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მეხუთე გლობალურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.

დღეს სოფია სამიტის მონაწილეებს მიესალმება, ხოლო შემდეგ ჩაერთვება საპანელო დისკუსიაში სახელმწიფო სერვისების შესახებ. სოფია ისაუბრებს ხელოვნური ინტელექტის როლზე სახელმწიფო სერვისების განვითარებაში, ხოლო განსაკუთრებულ ყურადღებას მოწყვლადი მოსახლეობის ხელშეწყობას დაუთმობს.

სოფია აგრეთვე ეწვევა თბილისის იუსტიციის სახლს, სადაც მოქალაქეებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს შეხვდება.

ჰუმანოიდი რობოტი სოფია Hanson Robotics-ის უახლესი და ყველაზე განვითარებული რობოტია. 2017 წლის ნოემბერში გაერო-ს განვითარების პროგრამამ (UNDP) სოფია ინოვაციების ჩემპიონად გამოაცხადა. მანამდე გაერო-ს წოდებები მხოლოდ ადამიანებს ენიჭებოდა.

ტეგები