საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გაიმართება - ირაკლი კობახიძე
ამობეჭდვა · 18 / 07 / 2018 13:51
საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გაიმართება - ირაკლი კობახიძე

„ვფიქრობ, რომ თვის ბოლოსკენ გვექნება კონსულტაციები, როგორც პოლიტსაბჭოს ფორმატში, ასევე, უმრავლესობის ფორმატში. სავარაუდოდ, ეს იქნება ივლისის ბოლო კვირა და იქ უკვე ალბათ გაცხადდება ჩვენი პოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა. მისივე თქმით, მმართველ გუნდში არის რამდენიმე კანდიდატი, რომელსაც პირველივე ტურში შეუძლია საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება.

„იყო დასახელებული სხვადასხვა კანდიდატი. ჩვენ პოლიტიკურ გუნდში არის რამდენიმე კანდიდატი, რომელსაც უმარტივესად შეუძლია პირველ ტურში ამ არჩევნების მოგება, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გადაწყდეს კონსულტაციების საფუძველზე და ამ კონსულტაციებით გაირკვევა ის, თუ როგორ წარვდგებით ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნებში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება დეპუტატ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კონკრეტულ კანდიდატზე საუბარი გუნდში გამართული დისკუსიისა და მსჯელობის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

“ჩვენ ამ ეტაპზე არ გვქონია, დეტალური, ასე ვთქვათ, მსჯელობა ამ საკითხებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჯერ უნდა დაველოდოთ გუნდში მსჯელობას, დისკუსიას, განხილვას და ამის შემდეგ შეგვეძლება რაიმე კომენტარის გაკეთება ნებისმიერ კანდიდატთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ, ჩვენ უნდა ჩამოვიყალიბოთ ჯერ პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარვდგებით საპრეზიდენტო არჩევნებში და ამის შემდეგ შეიძლება საუბარი კონკრეტულ კანდიდატზე”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ტაქტიკური თვალსაზრისით, უმჯობესია, მმართველი გუნდის კანდიდატი გვიან დასახელდეს.

„ჩვენი მხრიდან ტაქტიკურადაც იქნებოდა არასწორი, რომ აქამდე დაგვესახელებინა პრეზიდენტობის კანდიდატი. ამიტომ არ შედგა კონსულტაციები დღემდე. როგორც მოგეხსენებათ, კონსულტაციები როგორც კი იმართება, მაშინვე იწყება როგორც სპეკულაციები, ასევე, მჟღავნდება გარკვეული ინფორმაციები. შესაბამისად, ჩვენ შეგნებულად გადავწყვიტეთ ის, რომ ივლისის ბოლოს უნდა გამართულიყო კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. ტაქტიკური თვალსაზრისით, ჩვენთვის, რა თქმა უნდა, უმჯობესია, რომ გვიან დასახელდეს ჩვენი კანდიდატი და გვესმის აქაც გარკვეული სპეკულაციები სხვადასხვა მხრიდან, პოტენციური კანდიდატების მხრიდან, მათ შორის. ეს სპეკულაციები არის არასწორი. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, უმჯობესი იყო, უფრო მომგებიანი იყო კანდიდატურის გვიან დასახელება და ვმოქმედებთ ამ ტაქტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე”,- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.

ტეგები