როგორც კი ხელი მოვკიდე, მაშინვე შემომეხვია, მოძრაობის საშუალებას არ მაძლევდა - დაშავებული მუშა შახტში ტრაგედიის დეტალებს იხსენებს
ამობეჭდვა · 18 / 07 / 2018 16:38
როგორც კი ხელი მოვკიდე, მაშინვე შემომეხვია, მოძრაობის საშუალებას არ მაძლევდა - დაშავებული მუშა შახტში ტრაგედიის დეტალებს იხსენებს

მინდელის შახტში 16 ივლისს დაშავებული გიგა მიქიაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ტრაგედიის დეტალებს იხსენებს. მისი თქმით, მუშაობის პროცესში აფეთქების შესახებ გააფრთხილეს, თუმცა მან ტერიტორია არ დატოვა და სწორედ ამან გადაარჩინა.

„სამუშაო ადგილას ვიმყოფებოდი, გაზი გაზომილი იყო. ისეთი ადამიანი მუშაობდა ვინტილაციაზე, გაზს გაუზომავს არ დატოვებდა. როცა გაზი იყო ხოლმე, ეს ადამიანი უბანს აჩერებდა და არ აფეთქებინებდა. მუშაობის პროცესში ჩამოვიდნენ და გვითხრეს, რომ ლავი ფეთქდებოდა. მე თვითონ გამოვთქვი სურვილი, რომ არ გავიდოდი სამუშაო ადგილიდან. ფიცრებს ვალაგებდი იმისთვის, რომ ნახშირი არ დაგვყროდა. მე არ გავთიშულვარ, თუმცა ჩემ გვერდით ორივე მეშახტემ გონება დაკარგა. წამები იქნებოდა ალბათ გასული, რომ წამოვხტი, ინტუიციით ვიცოდი საით უნდა წავსულიყავი და გამოვედი გარეთ, სადაც გიორგი აბულაძე დამწვარ მდგომარეობაში ვნახე, კანები ჰქონდა ჩამოკიდებული. როგორც კი ხელი მოვკიდე, მაშინვე შემომეხვია და მოძრაობის საშუალებას არ მაძლევდა, პანიკაში იყო. ერთი სიტყვით, თავი გავითავისუფლე, წამოვიყვანე და გზაში ლაშა ფორჩხიძე ვნახე, რომელსაც ბოლო წუთები ჰქონდა ალბათ დარჩენილი. ვიფიქრე, გავიყვანდი გიორგი აბულაძეს და მოვბრუნდებოდი ლაშასთვისაც, მაგრამ გასასვლელში კიდევ ერთი დამწვარი ადამიანი ვნახე. ალბათ, უფლის წყალობამ გადამარჩინა და კიდევ იმან, რომ არ გამოვედი, როცა ლავის აფეთქებაზე მაცნობეს. იქ რომ გავსულიყავი, მეც დამწვარი ვიქნებოდი,“ - განაცხადა გიგა მიქიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 16 ივლისს, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში აფეთქების შედეგად, დაიღუპა 4 და დაშავდა 6 ადამიანი.

შსს-ს ცნობით, შახტის გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. 

ტეგები