ეკა ბესელია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს საქართველოში, ლაილა ომარ გადის შეხვდა
ამობეჭდვა · 18 / 07 / 2018 20:27
ეკა ბესელია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს საქართველოში, ლაილა ომარ გადის შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან საქართველოში, ლაილა ომარ გადისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ისაუბრეს სკოლამდელი განათლების რეფორმის მონიტორინგზე, ამ რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში პრემიერმინისტრის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, ბავშვთა ძალადობის საკითხებზე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის სამომავლო თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებზე.

ლაილა ომარ გადიმ აღნიშნა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტსა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობას შორის ძალიან კარგი თანამშრომლობა ჩამოყალიბდა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ სტუმარს საქართველოში გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„ლაილა ომარ გადიმ განაცხადა, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში კომიტეტსა და გაეროს ბავშვთა ფონდს საუკეთესო თანამშრომლობა აქვთ. მან ხაზი გაუსვა, რომ გაეროს ბავშვთა ფონდი გააგრძელებს სკოლამდელი განათლების რეფორმის მონიტორინგის მხარდაჭერას და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში პრემიერმინისტრის მხარდაჭერა, რომლის თქმითაც, განათლების თემა მთავრობისთვის პრიორიტეტია“-აღნიშნა შეხვედრის კომენტირებისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ეკა ბესელიას განცხადებით, განათლების სისტემის ნაწილი უნდა იყოს სკოლამდელი განათლებაც და ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობასთან სამუშაო შეხვედრები გაიმართება.

„ჩვენ და გაეროს ბავშვთა ფონდი ერთად გავაგრძელებთ მონიტორინგის საბჭოს ფარგლებში ამ თემების მხარდაჭერას. ეს არის რეფორმა, რომელიც პარლამენტმა 2016 წელს მიიღო და ახლა სწორედ მისი იმპლემენტაცია ხდება. შეხვედრისას ვისაუბრეთ იმის თაობაზეც, რომ შეიძლება სკოლამდელი განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საკითხთან დაკავშირებით დამატებით ვადებზე ვიმსჯელოთ. ლაილა ომარ გადიმ ასევე განაცხადა, რომ გაეროს ბავშვთა ფონდი იმუშავებს ბავშვთა ძალადობის საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში.

მისი განცხადებით, გაეროს ბავშვთა ფონდი გააგრძელებს საქართველოს ხელისუფლების, მთავრობის და პარლამენტის მხარდაჭერას და ის აქტიურად იმუშავებს ჩვენს კომიტეტთან ერთად ამ დაწყებულ რეფორმებზე“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.


 

ტეგები