სოფელ წინარეხის სკოლას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ამობეჭდვა · 19 / 07 / 2018 13:14
სოფელ წინარეხის სკოლას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში მდებარე სკოლას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
 
სკოლაში დაცულია რამდენიმე ძველი მერხი და ორი ხის დაფა. სკოლის შენობას წინ აქვს ძველი ეზო, რომელშიც საუკუნოვანი ბზის რიგიცაა დაცული. სკოლა გახსნილია 1882 წლის 1 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ წინარეხის მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე.
 
შენობა ასევე საზოგადოების მიერაა აშენებული. 1883 წელს მთავრობის განკარგულებით სკოლა უნდა დახურულიყო, იმ საბაბით, რომ სკოლაში სწავლება მიდიოდა არა იანოვსკის პროგრამის მიხედვით, არამედ ორგანიზაციის შედგენილი პროგრამით. მაგრამ წერა-კითხვის საზოგადოების გადაწყვეტილებით სკოლამ არსებობა განაგრძო.
 
"სკოლა არქიტექტურული თვალსაზრისით არ წარმოადგენს გამორჩეულ ნაგებობას, ის მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისთვის დამახასიათებელი აღმოსავლეთ საქართველოს საცხოვრებელი ნაგებობების არქიტექტურული ფორმების გათვალისწინებითაა აგებული, თუმცა მისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება შესაძლებელია სამი მახასიათებლით: 1. სიძველე; 2. ისტორიულობა - ის ერთ-ერთი პირველი სკოლის შენობაა, რომელთა მშენებლობა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო საქართველოში; 3. მემორიალურობა - წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან კავშირის გათვალისწინებით,"- ნათქვამია განცხადებაში.
 
სკოლა ოთხწლიანი იყო და იქ მხოლოდ ერთი მასწავლებელი ასწავლიდა.