ტყვიის მაღალი ან დაბალი შემცველობა არ ნიშნავს, რომ ბავშვს შეიძლება ტყვიით მოწამვლა განუვითარდეს - პედიატრი
ამობეჭდვა · 19 / 07 / 2018 20:41
ტყვიის მაღალი ან დაბალი შემცველობა არ ნიშნავს, რომ ბავშვს შეიძლება ტყვიით მოწამვლა განუვითარდეს - პედიატრი

ტყვიის მაღალი ან დაბალი შემცველობა არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს შეიძლება განუვითარდეს ტყვიით მოწამვლა,- ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, თუ ბავშვი სწორად იკვებება და მისი ორგანიზმი გაჯერებულია რკინით, კალციუმით, ნახშირწყლებით, ცილებით, მაშინ ტყვიით ინტოქსიკაცია არ მოხდება.
 
"ზოგადად ადამიანის ორგანიზმში ტყვიის შემცველობის საკითხი აქტუალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში. ტყვიით ინტოქსიკაციას ახასიათებს საშუალო სიმძიმის მოწამვლა, მწვავე მოწამვლა და ქრონიკული მოწამვლა. 
 
მწვავე მოწამვლა უვითარდებათ საბადოს მომპოვებელ თანამშრომლებს ან ნავთობმომპოვებელი ქარხნის მუშებს. მისი დიაგნოზი მარტივად შეიძლება დავსვათ. ტყვიის მწვავე მოწამვლით პაციენტები ხვდებიან სპეციალურ ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში და მათ უტარდებათ ე.წ. ხელატური ანუ გამომძევებელი მკურნალობა. ასეთი პაციენტი რამდენიმე დღეში შეიძლება გამოჯანმრთელდეს. 
 
როგორც წესი, ბავშვებს უვითარდებათ ქრონიკულად მოწამვლით მიმდინარე კლინიკური გამოვლინებები, როგორიც არის ადვილად დაღლილობა, ნერვულ-რეფექტორული აგზნებადობა, სხვადასხვა ფსიქომოტორული განვითარების ჩამორჩენა, საგნის ათვისების უნარის დაქვეითება, მოსწრების დაბალი მაჩვენებელი სკოლებში და ა.შ. ქრონიკული მოწამვლის შემთხვევაში, თუ მან გამოიწვია უკვე ცენტრალურ-ნერვული სისტემის დაზიანება, თუ ჩალაგდა ღვიძლსა და სხვა ორგანოებში, მისი გამოძევება საკმაოდ ძნელი ხდება და დაზიანებული ორგანოების აღდგენა ვეღარ მოხდება.