პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომა გაიმართა
ამობეჭდვა · 19 / 07 / 2018 22:12
პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომა გაიმართა

პარლამენტის რიგგარეშე სესიის დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს და მიიღეს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ , რომელიც ერთ-ერთმა ინციატორმა, აკაკი ზოიძემწარმოადგინა.

კანონპროექტი ითვალისწინებს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანას. პროექტი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს ზედამხედველობასთან და მისი საინვესტიციო საქმიანობის პრუდენციულ რეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს.

„ეს არის კანონპროექტი, რომლითაც ეროვნულ ბანკს საშუალება მიეცემა, ზედამხედველობა გაუწიოს საპენსიო სააგენტოს, რომელიც „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონით იქმნება და ასევე, ამ სააგენტოს მიერ განხორციელებულ ფრთხილ, კეთილგონიერ საინვესტიციო პოლიტიკას“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ორგანული კანონის პროექტი პირველი მოსმენით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ წარმოადგინა.

როგორც მან განმარტა, კანონპროექტი ითვალისწინებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებასთან შესაბამისობაში მოყვანას.

„კონსტიტუციის ცვლილებიდან გამომდინარეა ყველა ის ცვლილება, რომელიც ამ კანონპროექტშია. ჩვენ არ გავცდით ჰარმონიზაციის პროცესს“, -განაცხადა ეკა ბესელიამ.

კანონპროექტი ითვალისწინებს ტერმინების - „მოსამართლესთან კომუნიკაცია“, „პროცესის მონაწილე“, „დაინტერესებული პირი“, „საჯარო მოსამსახურე“ და „სახელმწიფო მოსამსახურე“განმარტებას.

წესრიგდება მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან, მოსამართლის შრომის ანაზღაურებასთან, მოსამართლესთან კომუნიკაციის დაუშვებლობასთან, მოსამართლის, მათ შორის, სასამართლოს თავმჯდომარის, პროკურატურის მუშაკის, ადვოკატის, გამომძიებლის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და პოლიტიკური თანამდებობის პირის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები.

გარდა ამისა, ორგანული კანონის პროექტი არეგულირებს პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და პოლიტიკური თანამდებობის პირის დაჯარიმებასთან, მოსამართლესთან აკრძალული ფორმით კომუნიკაციის თაობაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის წარდგინებასთან, დაჯარიმების შესახებ განკარგულების გასაჩივრებასთან, საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის თაობაზე ინფორმაციის საჯაროობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

„უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში არის არანაკლებ 28 მოსამართლე. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აირჩევა უზენაესი სასამართლოს წევრთაგან“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, კონსტიტუციით დადგინდა იმუნიტეტის სტანდარტი. მისივე განცხადებით, რაიმე ტიპის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია უვადოდ დანიშნული მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი ვერ იქნება.

„ჩვენ დავამატეთ სამხედრო სასამართლოებთან დაკავშირებით კონსტიტუციური ჩანაწერი. სამხედრო სასამართლო შეიძლება შეიქმნას მხოლოდ საომარი მდგომარეობის დროს და ამ მდგომარეობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების განსახილველად პრეზიდენტის დეკრეტით“, -განაცხადა ეკა ბესელიამ.

დეპუტატები დაჩქარებული წესით განიხილავენ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს.

გადასახადის გადამხდელებს სრულად ჩამოეწერებათ 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, თუ მათ 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ აღარ განუხორციელებიათ საგადასახადო ანგარიშგება.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადების დროს, პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა ინიციატივა 2013 წლამდე წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანებებისა და მასზე დარიცხული ჯარიმებისა და სანქციების ჩამოწერის შესახებ.

„შესაბამისად, მთავრობის ინიციატივით მომზადდა წარმოდგენილი კანონპროექტი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, 27 634 გადასახადის გადამხდელს, აქედან 4629 იურიდიულ პირს და 23005 ფიზიკურ პირს, სრულად ჩამოეწერება, დაახლოებით, 550 მლნ. ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც დადებითად აისახება მეწარმეებზე. მისივე გაცხადებით, ისინი ეკონომიკურ აქტივობას დაუბრუნდებიან და დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნიან.

„მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 27 ათასი გადამხდელიდან, რომელიც ამ ცვლილებით ისარგებლებს, 23 ათასი - ფიზიკური პირია. დავალიანების ჩამოწერა ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს არა მარტო ეკონომიკური საქმიანობა, არამედ, ზოგადად, ცხოვრება გაუადვილდებათ. ზოგიერთ მათგანს აქამდე, შესაძლოა, ტელეფონის განვადებით ყიდვაც კი არ შეეძლო“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ პირველი მოსმენით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ წარმოადგინა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელსაც დიდი ხანია ვამზადებთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით. ეს არის კანონპროექტი, რომელიც ეხება ყველას. ბუნებრივია, არის ძალიან დიდი ინტერესი მის მიმართ. მას აქვს განსაკუთრებული დატვირთვა, რადგან ეხება მოქალაქეობის კონსტიტუციური სტატუსის და უფლების მიღების და მინიჭების ახალ წესებს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენმა კონსტიტუციამ ახალი ცვლილებებით გააუქმა ის ჩანაწერი, რომლითაც იკრძალებოდა ორმაგი მოქალაქეობა“, -განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი განმარტებით, კანონპროექტით წესრიგდება პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხები.

კერძოდ, კანონის პროექტი არეგულირებს: საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებასთან, სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებასთან, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ეკა ბესლიას განცხადებით, პროცედურა უნდა იყოს მოქნილი და არ უნდა შეიქმნას ბარიერები იქ, სადაც ამის საჭიროება არ არის.

„ჩვენ შეგნებულად დავტოვეთ კანონში თავისუფლება სააგენტოს საქმიანობისთვის იმ დოზით, რა დოზითაც მათ ეს სჭირდებათ სწორედ მოქნილობისთვის, რომ ზედმეტი ბარიერები არ შექმნილიყო. თუმცა სააგენტოს საქმიანობის თაობაზე, მთავრობის მიერ შესაბამისად გამოსაცემი იქნება ნორმატიული აქტი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სააგენტომ. ეს იქნება ვადები, დასკვნის მომზადების პროცედურა, მათ შორის, დაჩქარებული წესით განცხადების განხილვის პროცედურა. ამ საკითხებისთვის ჩვენ ერთგვარი სივრცე დავტოვეთ. ეს მნიშვნელოვანია. მზად ვარ მეორე მოსმენისთვის რამდენიმე საკითხს შევხედოთ უკვე ფორმულირების ჭრილში. პრინციპების დონეზე ჩვენ მაქსიმალური კონსენსუსის გზით ვიარეთ, რომ შეთანხმება შემდგარიყო“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის წევრის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი კანონი უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის.

„ვიცი, რომ მოლოდინი დიდია, ყველა ქვეყნიდან მოდის კითხვები, როდის და როგორ იქნება კანონი მიღებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ჩვენი თანამემამულეებისთვის, არამედ, ჩვენი სახელმწიფოსთვის, რადგან ეს პასუხობს ჩვენს დემოგრაფიულ გამოწვევებს“, -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რიგგარეშე სხდომა ხვალ, 20 ივლისს 12 საათზე განახლდება. ბიუროს სხდომა 15 წუთით ადრე ჩაინიშნა.

ტეგები