პარლამენტმა სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინა
ამობეჭდვა · 19 / 07 / 2018 22:14
პარლამენტმა სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინა

პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე დეპუტატებმა, 2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინეს.

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მოხსენების დასაწყისში იმ დადგენილების შესახებ ისაუბრა, რომელიც პარლამენტმა მიიღო სახალხო დამცველის რეკომენდაციების საფუძველზე. „მისასალმებელია ის ფაქტი, რომ დადგენილებაში ასახული რეკომენდაციების რაოდენობა ზრდადი მაჩვენებლით ხასიათდება ისევე, როგორც წინა წლებში, თუმცა ჩვენ წელს რეკომენდაციების გაზიარების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი გვაქვს, 75%-ზე მეტი რეკომენდაცია იქნა ასახული დადგენილებაში. ნამდვილად მისასალმებელი ფაქტია, რომ საქართველოს პარლამენტმა ამ დადგენილებით აიღო ვალდებულება, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც სახალხო დამცველის მიერ საქართველოს პარლამენტისადმი გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე იმუშავებს. წინა წლებში დადგენილებაში არ ყოფილა ასახული საქართველოს პარლამენტის მიმართ გაცემული რეკომენდაციები მაშინ, როდესაც ეს რეკომენდაციები არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან შეეხება სისტემური ხასიათის საკითხებს, საკანონმდებლო ინიციატივებს, სხვადასხვა რეფორმების გატარების საჭიროებას, რომელიც მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს შეუძლია“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისი ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებით მწვავედ და კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოება არის ძალიან მომთხოვნი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხების მიმართ. „ბოლო კრიზისების საფუძველი სწორედ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს უკავშირდებოდა და გამოჩნდა, რომ სწორედ საზოგადოების წევრების დაკვეთა არის ინსტიტუციური რეფორმების განხორციელება როგორც განათლების, მართლმსაჯულების, სამართალდამცავი უწყებების და სხვა მიმართულებით, რაშიც განსაკუთრებული როლი და პასუხისმგებლობა ეკისრება სწორედ საქართველოს პარლამენტს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მან იმ ინსტიტუციური რეფორმების შესახებ ისაუბრა, რომელთა განხორციელება მისივე თქმით, პარლამენტს შეუძლია და პარლამენტის პრეროგატივაა. 

სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა 2017 წლის დეკემბერში, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტზე. „როდესაც ადამიანის სიცოცხლის უფლების დარღვევა ხდება სახელმწიფოს წარმომადგენლის მხრიდან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს სწორი და ეფექტური რეაგირება, რაც გამოიხატება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების დროულად და ეფექტურად განხორციელებაში. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველა კითხვაზე პასუხი და სახალხო დამცველის აპარატი ამ მიმართულებით მზადაა იყოს შუამავალი საგამოძიებო ორგანოებსა და გარდაცვლილის ოჯახს შორის და სრულად შეისწავლოს საქმის მასალები“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ. მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატს არ აქვს წვდომა საგამოძიებო მასალებზე. „ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ საქართველოს პარლამენტი იმსჯელებს და მოგვანიჭებს შესაძლებლობას და უფლებამოსილებას, რომ გავეცნოთ ხოლმე სისხლის სამართლის მასალებს, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც საქმე ეხება სიცოცხლის უფლების დაცვას და წამების აკრძალვის საკითხებს“, - განაცხადა სახალხო დამცველმა. 

სახალხო დამცველი შეეხო ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას და მისი გამოძიების მიმდინარეობას. „მისასალმებელია, რომ საქართველოს პარლამენტმა შექმნა საგამოძიებო კომისია. ჩვენ თვალს ვადევნებთ მის მუშაობას. მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს კითხვას, თუ რა გახდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის გარშემო ეფექტური მართლმსაჯულების, ეფექტური გამოძიების განუხორციელებლობის მიზეზი“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მისი თქმით, საჭიროა უფრო მეტი მუშაობა, რომ პროკურატურა გამართულ სისტემად ჩამოყალიბდეს. მისივე მოსაზრებით, აუცილებელია საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმის გაძლიერება, გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი, ინდივიდუალური პროკურორების ავტონომიურობის და პროფესიონალიზმის გაზრდა. ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, სახალხო დამცველმა 80-მდე რეკომენდაცია გადაუგზავნა მთავარ პროკურატურას სამართალდამცავთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების გამო. 

სასამართლო რეფორმაზე საუბრისას ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნა კვლავ ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. „სახალხო დამცველის ანგარიშში ამ მიმართულებით რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზეა საუბარი“. 

სახალხო დამცველმა გაანალიზა პენიტენციურ, დროებითი მოთავსების და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული პრობლემების შესახებ. „თქვენ სამართლიანად ამაყობთ პენიტენციური მიმართულებით არსებული მიღწევებით. სახალხო დამცველიც იზიარებს, რომ აღნიშნული მიმართულებით ნამდვილად გვაქვს წინსვლა და მიღწევები, თუმცა არის გამოწვევები და ხარვეზები“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მისი თქმით, პარლამენტის მისამართით სახალხო დამცველის რეკომენდაციაა პენიტენციურ სისტემაში განხორციელდეს ცვლილებები, უფრო მცირე ზომის დაწესებულებების ასაშენებლად გამოიძებნოს თანხები. 

ანგარიშის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიებებისა და საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდებისას, ხშირად ირღვევა თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, გაიზარდა ადმინისტრაციული დაკავების ვადები და დღემდე მოუწესრიგებელია ნარკოტესტირების პრაქტიკა. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არის ნორმატიული აქტი, რომელიც საბჭოთა კავშირიდან შემოგვრჩა და ვერ პასუხობს ადამიანის უფლებათა დაცვის მოთხოვნებს. ამ კოდექსის რამდენიმე პროექტი არსებობს და შემუშავებულია სხვადასხვა უწყების მიერ და მინდა გამოვთქვა იმედი, დღეს, როცა ჩვენ ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს, საქართველოს პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ეს კოდექსი იქნება შეცვლილი. აქვე მინდა შევეხო ნარკოპოლიტიკას, რომელიც მთელი წლის განმავლობაში აქტუალური თემა იყო. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კანონმდებლობა ევროპის მასშტაბით“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მან მხარდაჭერა გამოუცხადა იმ კანონპროექტს, რომელიც მომზადებულია ეროვნული პლატფორმის მიერ და ინიცირებულია პარლამენტში. 

სახალხო დამცველმა ისაუბრა შრომის უსაფრთხოების საკითხზე, რომელიც მისი თქმით, რჩება საქართველოში ერთ-ერთ დიდ გამოწვევად. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მხოლოდ 2017 წელს საწარმოში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად დაღუპულია 47 და დაშავებულია - 206 ადამიანი“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მან მწუხარება გამოხატა ბოლო დღეებში ტყიბულის მაღაროში დაღუპული ადამიანების გამო და მიუსამძიმრა მათი ოჯახის წევრებს. მისი მოსაზრებით, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პოლიტიკა გამკაცრებას საჭიროებს. 

ნინო ლომჯარიას განცხადებით, 2017 წელს პარლამენტის მიერ მიღებული გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი ისევე, როგორც ხმაურის რეგულირებასთან დაკავშირებული ცვლილებები წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა ამ მიმართულებით საკანონმდებლო ხარვეზები კიდევ არსებობს. მისი თქმით, დიდ გამოწვევად რჩება ქალაქდაგეგმარებითი მიმართულებით არსებული პრობლემები და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება. 

ჯანმრთელობის უფლების დაცვის თვალსაზრისით, სახალხო დამცველმა, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის და სამედიცინო მომსახურების ხარისხის პრობლემა გამოკვეთა. სახალხო დამცველმა მაღალი შეფასება მისცა თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს. ნინო ლომჯარია მნიშვნელოვნად მიიჩნევს ამ ცვლილებების ეფექტურად განხორციელებას. სოციალური უზრუნველყოფის მხრივ, სახალხო დამცველის განცხადებით, მთავარ გამოწვევას წარმოადგენს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის საარსებო შემწეობით უზრუნველყოფა, ასევე, ბენეფიციარებში შრომითი დემოტივაცია.

სახალხო დამცველი შეეხო ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში.

„ეს საკითხი ჩემი განსაკუთრებული ინტერესის საგანია. სიცოცხლის, თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა, არასათანადო მოპყრობა, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვები იმ დარღვევების არასრული ჩამონათვალია, რომელთან გამკლავებაც ყოველდღიურ რეჟიმში უწევს მოსახლეობას“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების მდგომარეობის შესახებ. მისი ინფორმაციით 52 000 დევნილი კვლავ საცხოვრისის მოლოდინში იმყოფება. „სახალხო დამცველი მხარს უჭერს დევნილთა პრობლემის გრძელვადიანი გადაჭრის მიზნით საჭიროებაზე მორგებულ მიდგომაზე გადასვლას და ვიცით, რომ ამ მიმართულებით მთავრობაში მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენც ჩართულები ვართ და მხარს ვუჭერთ ამ მიმართულებით რეფორმების განხორციელებას. 

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ დღემდე ყველაზე დაუცველი ჯგუფებია ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ბავშვები. მან ისაუბრა არასრულწლოვანთა ბულინგის პრობლემის აქტუალობაზე. „სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ფართოდ გავრცელებული მწვავე პრობლემაა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მასზე რეაგირების ეფექტური მექანიზმები არ გააჩნიათ“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მისი თქმით, გამოწვევას წარმოადგენს, ასევე, ქალთა უფლებრივი მდგომარეობის და გენდერული თანასწორობის მაჩვენებელი, ძალადობა და ფემიციდის მაღალი რიცხვი.

სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე მოხსენებით წარდგა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე.

მომხსენებელმა ისაუბრა ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერებაზე, საზოგადოების ხელმოკლე ნაწილის პრობლემებზე აქტიური საკომიტეტო მსჯელობის საჭიროებაზე. სოფო კილაძემ თავისი მოსაზრების გამამყარებელ ერთერთ არგუმენტად სახალხო დამცველის ანგარიშში გაკეთებული აქცენტები მოიყვანა. 

კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, სწორად განისაზღვრა ორი უდიდესი მნიშვნელობის საკითხი: ადამიანის ღირსება, როგორც უზენაესი და ხელშეუხებელი ღირებულება და სოციალური სახელმწიფოს პრინციპი. 

„სწორედ ამ ორი ფუნდამენტური პრინციპის ერთიანობა ავალდებულებს სახელმწიფოს შექმნას სოციალური უსაფრთხოების სისტემა, პირობები იმისათვის, რომ ადამიანებს შეეძლოთ საკუთარი შრომით ღირსეული არსებობა, ხოლო მათთვის, ვინც ფიზიკურად მოკლებულია ამ შესაძლებლობას, სახელმწიფო თავად უნდა იყოს ღირსეული ცხოვრების გარანტი“, - განაცხადა სოფო კილაძემ. 

მისი თქმით, სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით წარიმართა მსჯელობა კომიტეტში რეკომენდაციების გათვალისწინების განხილვის დროს. 

დეპუტატმა გამოსვლისას ისაუბრა შემწეობის სისტემის გადახედვის საჭიროებაზეც. სოფო კილაძის თქმით, მისთვის, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარისთვის და მაჟორიტარი დეპუტატისთვის, პრინციპული მნიშვნელობისაა მოქალაქეთა წუხილის გაზიარება არსებული ხარვეზიანი სისტემის მიმართ. 

„არსებული სისტემით, ეს ადამიანები განწირულნი არიან მთელი ცხოვრება სიღარიბისა და უმოქმედობისთვის, რომლებსაც თვითრეალიზება გაუჭირდებათ. უფრო მეტიც, არა მარტო ისინი, არამედ მათი ოჯახებიც. შემწეობების სისტემის რეფორმით ჩვენი ხელისუფლება ძალიან ბევრ ადამიანს მისცემს შანსს ამოვიდნენ სიღარიბიდან და მოახდინონ ჩვენს საზოგადოებაში თვითრეალიზება. ამიტომ, ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს“, - აღნიშნა მომხსენებელმა. 

სოფო კილაძემ ისაუბრა სახალხო დამცველის იმ რეკომენდაციებზე, რომელიც კომიტეტმა გაიზიარა. „ჩვენ გვჭირდება ძლიერი სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა, იმისთვის რომ სახელმწიფომ თავისი პოზიტიური ვალდებულება შეასრულოს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.“

მისივე თქმით, ამ პრინციპის გათვალისწინებით, კომიტეტმა გაიზიარა სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებული შემდეგი რეკომენდაციები აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ: 

შემწეობების სისტემის რეფორმა; 

პენსიების ზრდა და ხანდაზმულთა დაცვის პროგრამების გაძლიერება, მათ შორის, შინ მოვლის პროგრამები;

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ჩამონათვალის გაზრდა; 

უსახლკარობის პოლიტიკის შემუშავება;

მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სოციალური შეღავათები;

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები;

ფსიქიკური ჯანმრთელობა და პაციენტთა უფლებები; 

დევნილთა განსახლების პოლიტიკის გაგრძელება და დევნილების საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის შემუშავება;

შრომითი უსაფრთხოება და შრომითი უფლებები;

ბავშვები და მათი უფლებების დაცვა, განსაკუთრებით ბავშვთა სიღარიბის აღმოფხვრა და ბავშვთა შორის ჩაგვრის შემცირება;

ტეგები