"ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით დაკავებულ 10-ივე პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
ამობეჭდვა · 19 / 07 / 2018 22:21
"ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით დაკავებულ 10-ივე პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულ 10-ივე პირს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გრატიაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ 1tv წერს.

მოსამართლემ ასევე პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა ე.წ. კანონიერ ქურდს მინდია ლავასოღლის.

გადაწყვეტილებას დარბაზში დაკავებულთა ახლობლების უკმაყოფილება მოჰყვა. ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

წინასასამართლო სხდომა 12 სექტემბრისთვის ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, გუშინ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 10 პირი დააკავეს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და აჭარის რეგიონში, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით.

უწყების ცნობით, მინდია ლავასოღლის კანონიერი ქურდობისა და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით დაუსწრებლად წარედგინა ბრალი.