დაკავებული ინციდენტის დღეს მოვლენების ეპიცენტრში იყო და ზუსტად იცის, რა მოხდა ფარდულში - ზაზა სარალიძე
ამობეჭდვა · 19 / 07 / 2018 22:48
დაკავებული ინციდენტის დღეს მოვლენების ეპიცენტრში იყო და ზუსტად იცის, რა მოხდა ფარდულში - ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულმა დ.ღ.-მ არამხოლოდ გამოძიების მსვლელობისას, არამედ სასამართლოზეც იცრუა, როდესაც ჰკითხეს, შემთხვევის შემდეგ შეხვდა თუ არა სარალიძეების ოჯახს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მას შეხვედრის ჩანაწერი აქვს გაკეთებული, სადაც დაკავებული იხსენებს იმ დღეს, სკოლის საპირფარეშოში მომხდარი ინციდენტიდან დაწყებული, ფარდულამდე თითქმის ყველა დეტალს.

სარალიძის თქმით, დ.ღ. არ ყვება მხოლოდ ფარდულში მომხდარს. მოკლულის მამა ამბობს, რომ დაკავებული დ.ღ ინციდენტის დღეს მოვლენების ეპიცენტრში იყო და მან ზუსტად იცის რა მოხდა ფარდულში.

სარალიძის ინფორმაციით, დაკავებული დ.ღ. მეორე არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტში მონაწილეობდა.

სარალიძის თქმით, მისთვის ეს ცნობილი გახდა არამხოლოდ საქმის მასალებიდან, არამედ ამის შესახებ გამომძიებელმაც დაუდასტურა.

„რაც შეეხება დაკავებულს, მან ცრუ ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოსა და საგამოძიებო უწყებას. ერთ ფაქტს მოვიყვან, როდესაც სასამართლოზე ჰკითხეს შემხვდა თუ არა ინცინდენტის შემდეგ უარყო, მაშინ როდესაც მთელმა საქართველომ იცის, რომ ჩვენ ყველა ბავშვს შევხვდით და ვესაუბრეთ, რისი ჩანაწერიც მაქვს.

დაკავებული საპირფარეშოს ინციდენტიდან, ფარდულის ინციდენტამდე ყველაფერს ყვება, თუმცა რა მოხდა უშუალოდ ფარდულში, ანუ დაჭრის ფაქტზე არ საუბრობს. მაგრამ მან ყველაფერი კარგად იცის, რადგან ეპიცენტრში იყო და იცის რა მოხდა ფარდულში. ასევე საგამოძიებო დაადგენს, მიიღო თუ არა მეორე არასრულწლოვანის დაჭრაში მონაწილეობა. თუმცა მისი მონაწილეობა კარგად ჩანს საქმის მასალებშიც, ასევე პროკურორმაც დაადასტურა რაღაც დეტალები საუბრისას“,- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

რაც შეეხება კიდევ ერთ არასრულწლოვან მ.კ.-ს, სარალიძე ამბობს, რომ მას ამ დრომდე მფარველობენ, რადგან ცრუ ჩვენების გამო უკვე დაკავებული უნდა იყოს.

სარალიძე ამბობს, რომ ინციდენტში მონაწილე თითქმის ყველა პირი, ასევე თვითმხილველების დიდი ნაწილია დასაკავებელი, რადგან მათ გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით შსს-მ დღეს არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავა.

ტეგები