ზურაბ ალავიძე და დიმიტრი ქუმსიშვილი შესაძლოა, პროკურატურაში გამოკითხვაზე ისევ დაიბარონ
ამობეჭდვა · 20 / 07 / 2018 15:43
ზურაბ ალავიძე და დიმიტრი ქუმსიშვილი შესაძლოა, პროკურატურაში გამოკითხვაზე ისევ დაიბარონ

პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრები, ზურაბ ალავიძე და დიმიტრი ქუმსიშვილი შესაძლოა, პროკურატურაში გამოკითხვაზე ისევ დაიბარონ.ამის შესახებ მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კოკა კაციტაძემ პირველის არხის ჟურნალისტს განუცხადა.

„ამ საქმეზე, რომელზეც ინტენსიურად მიმდინარეობს გამოძიება, გამოიკითხა და მომავალშიც გამოიკითხება ყველა ის პირი, რომელსაც შემხებლობა ჰქონდა ამ ქმედებებთან”, – განაცხადა კოკა კაციტაძემ.

როგორც კოკა კაციტაძე აცხადებს, 2018 წლის მარტიდან პროკურატურაში ინტენსიურად მიმდინარეობს გამოძიება ეკონომიკის სამინისტროსა და რეგიონული განვითარების სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე.

როგორც კოკა კაციტაძემ აღნიშნა, ეს არის დანაშაულები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 182-ე მუხლებით.

„რამდენადაც საზოგადოებისთვის ცნობილია, პროკურატურაში გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. გამოძიების ინტერესის საგანი ამ შემთხვევაში არის მისი მინისტრობის დროს განხორციელებულ პროექტებში გამოვლენილი შესაძლო დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვა, აგრეთვე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება”, – განაცხადა კოკა კაციტაძემ.

რაც შეეხება ზურაბ ალავიძეს, პროკურორის თქმით, ამ შემთხვევაში გამოძიება სწავლობს იმ სახელმწიფო შესყიდვებს, რომელიც განხორციელდა სამინისტროსთან დაკავშირებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მხრიდან.

„ჯერ პასუხისმგებლობის საკითხზე საუბარი ზედმეტია. შემიძლია ვთქვა, რომ ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, რომლის ბრალეულობაც გამოიკვეთება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში და არ აქვს მნიშვნელობა, რა თანამდებობრივი სტატუსი ეკავა, რა სტატუსი აქვს დღეს. მე შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ გამოძიება არ დაწყებულა ამ სამინისტროების მომართვის საფუძველზე. გამოძიება დაიწყო იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მიღებული იყო საგამოძიებო დანაყოფში”, – განაცხადა კოკა კაციტაძემ.

ტეგები