პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა
ამობეჭდვა · 20 / 07 / 2018 21:49
პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა

პარლამენტის პლენარული სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით დაიწყო.

კანონმდებლებმა პირველ ეტაპზე დაჩქარებული წესით განსახილველად წარმოდგენილი კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილეს. კერძოდ, კი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ დაგროვებითი პენსიის პაკეტში შემავალი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ხოლო ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საგადასახადო ამნისტიასთან დაკავშირებით „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი წარმოადგინეს. „წყლის კოდექსიდან“ გამომდინარე ტექნიკური ხასიათის ცვლილებების პროექტზე ისაუბრა პარლამენტის წევრმა, სულხან მახათაძემ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის წარდგენისას.

სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ დეპუტატებს მესამე მოსმენით, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ხოლო მეორე მოსმენით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები გააცნო.

მანვე „საბაჟო პროცედურების გამარტივებისა და ჰარმონიზაციის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციასთან შეერთების თაობაზე“ პარლამენტის დადგენილების პროექტი წარმოადგინა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ და მისგან გამომდინარე ვრცელი საკანონმდებლო პაკეტი მუხლობრივად წარადგინა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კანონპროექტთა პაკეტთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ნაყოფიერი თანამშრომლობა და კონსულტაციები გაიმართა, რომლის ფარგლებშიც გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები მაქსიმალურად აისახა წარმოდგენილ პროექტში.

მანვე დეპუტატებს მესამე მოსმენით „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ორგანული კანონპროექტი და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, გამომდინარე კანონპროექტების პაკეტთან ერთად წარუდგინა.

საარჩევნო სუბიექტებისთვის ნომრის განსაზღვრის საკითხს შეეხებოდა „საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელზეც საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა ისაუბრა.

პარლამენტის წევრმა, ბექა ოდიშარიამ კი კოლეგებს, მესამე მოსმენით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი გააცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიიდან უმაღლესი განათლების კომპონენტის გაუქმებას და პროფესიულ სასწავლებლად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები, რომლებიც მეორე მოსმენით, მუხლობრივად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა წარმოადგინა.

სხდომაზე დეპუტატები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას მიერ წარმოდგენილ კანონპროექტებს გაეცნენ. მომხსენებელმა დეპუტატებს მეორე მოსმენით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ორაგნული კანონპროექტი და „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი გააცნო.

ეკა ბესელიამ ასევე მეორე მოსმენით, მუხლობრივად საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ გამომდინარე კანონპროექტებთან ერთად წარადგინა.

„საქართველო სულ უფრო აქტიურად უახლოვდება ევროპულ გამოცდილებას მმართველობის საკითხებში და ეს ეხება, მათ შორის ადგილობრივ თვითმმართველობასაც. ჩვენ გვსურს გავაძლიეროთ ეს პროცესი, ამიტომ წარმოგიდგენთ ინიციატივას, რომელიც იქნება კარგი ინსტრუმენტი ამ პროცესში მისი გაძლიერებისათვის“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ, „ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მიღების უფლების შესახებ, ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის დამატებითი ოქმის“ საქართველოსთვის შესასრულებლად სავალდებულოდ აღიარების მიზნით, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაწყების შესახებ“ საქართველოს მთავრობისადმი პარლამენტის რეკომენდაციის პროექტის წარდგენისას.

მისი ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიას საქართველომ 2002 წელს მოაწერა ხელი, 2004 წელს კი მოხდა მისი რატიფიცირება და ამ დროის განმავლობაში, თვითმმართველობაზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ მოქალაქეთა მონაწილეობა, ცალკე აღებულ, ფუნდამენტალურ საკითხს წარმოადგენს. „ევროპის საბჭოს ქვეყნებმა 2009 წლის 16 ნოემბერს, ქალაქ ულტრეხტში ადგილობრივი თვითმმართველობის დამატებითი ოქმი მიიღეს, რომელიც სწორედ ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის უფლების უზრუნველყოფას ეხება. დოკუმენტი აგებულია იმ ღირებულებებზე და პრინციპებზე, რომლებიც თვითმმართველობით საქმიანობაში მოქალაქეთათვის მეტი შესაძლებლობების მიცემას გულისხმობს. ღია მმართველობის პრინციპები და მდგრადი განვითარების მიზნების დაცვა, ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა არის ჩვენი ამოცანები“, - აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.

შესვენებამდე პარლამენტის წევრებმა კენჭისყრით, დილის სხდომაზე განხილულ საკითხებს, მხარი დაუჭირეს.

შესვენების შემდეგ რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა დღის წესრიგის საკითხების განხილვით გაგრძელდა. დაჩქარებული წესით მოთხოვნილი კანონპროექტების მოსმენის შემდეგ, საპარლამენტო ტრიბუნა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს დაეთმოთ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ „საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციიდან გამომდინარე „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით წარმოადგინა. მანვე პარლამენტის წევრებს, მუხლობრივად „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები გააცნო.

დაგროვებითი პენსიის რეფორმის საკანონმდებლო ნორმებზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ თავის გამოსვლაში, რომელმაც მეორე მოსმენით, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი წარმოადგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, პირველი მოსმენის შემდეგ პარლამენტის, ეროვნული ბანკის და შესაბამისი ინსტიტუტების ჩართულობით კონსულტაციები გაიმართა და წარმოდგენილ პროექტში მთელი რიგი სენიშვნები და რეკომენდაციები აისახა. მინისტრის მოადგილემ დეტალურად განმარტა კანონპროექტის ახალი რეგულაციები და მიდგომები და პარლამენტის წევრების შეკითხვებსაც უპასუხა. განხილულ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის თავმჯდომარეებმა შეფასებები გააკეთეს.

„ძნელია გადააჭარბო ამ რეფორმის შეფასებას. რისკები, გამოწვევები, რა თქმა უნდა, რჩება რადგან შეუძლებელია 25 წლიანი ჰორიზონტის მთლიანად დათვლა და შეფასება, მაგრამ დამერწმუნეთ, ამ კანონში დღესდღეობით ჩადებულია როგორც საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება, ასევე ის გაკვეთილები, რომლებიც გლობალურმა საზოგადოებამ, სხვადასხვა ქვეყნებში წარუმატებელი შედეგებიდან გამოიტანა. ჩვენ არ ველოდებით რომ ეს იქნება ისეთი შედეგების მომტანი, რომელიც ჩვენ დაგვაახლოებს ისეთ პენსიების დონეს, რომელიც აქვს ეკონომიკური თანამშრომლობის ქვეყნებს, სადაც ჩანაცვლების კოეფიციენტები 70-80%-ს აღწევს, მაგრამ დღევანდელი 18%- დან 50 % -ზე ასვლა არის უზარმაზარი პროგრესის მიღწევა და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ღირსეული პენსია ჩვენი მომავალი თაობებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩავდეთ და ვუზრუნველყავით ისეთი მექანიზმი, რომ მოქალაქეთა შენატანი ყოფილიყო მაქსიმალურად უსაფრთხო როგორც ინფლაციის რისკიდან, ისე არაკეთილსინდისიერი სამეწარმეო საქმიანობისგან.

მინდა ხაზი გაუსვა საბაზისო პენსიის ინდექსაციას და თავიდანვე ეს იყო ჩვენი მოთხოვნა. მთავარია, რომ საარჩევნო ციკლებიდან ერთხელ და სამუდამოდ ჩავხსნათ პენსიის მატების დაპირებები“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით მხარდაჭერა გამოხატა და საზოგადოებისთვის ინდექსაციასტან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

„მოგეხსენებათ, რომ 2019 წლიდან, იმ ფინანსური რესურსის გათვალისწინებით, რის საშუალებასაც გვაძლევს მაკროეკონომიკური პარამეტრები, 20 ლარით ხდება საბაზისო პენსიის მატება, 2020 წელს გვექნება დამატებით 20 ლარით მომატება. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ეს არის საამაყო მაჩვენებელი ჩვენთვის, რადგან ჩვენი საპენსიო ასაკის მოქალაქეების კეთილდღეობისთვის ჩვენ ბევრად მეტი გარანტიები გვჭირდება. მაგრამ აღნიშნული ჩანაწერით ჩვენ პრაქტიკულად ვდებთ გარანტიას იმისას, რომ ეკონომიკის ზრდასთან ერთად, სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობის ზრდასთან ერთად და ასევე ინფლაციის დინამიკასთან ერთად, ჩვენ პენსიონერებს შეუნარჩუნდებათ შედარებით მისაღები და ადექვატური საპენსიო ანაზღაურება და მათი საბაზისო საპენსიო ანაზღაურება იქნება მნიშვნელოვნად გაზრდილი. გარდა ამისა, პარალელურად უკვე ამოქმედდება დაგროვებითი საპენსიო რეფორმა, რომელიც უკვე დასაქმებულებს დამატებითი რესურსების მობილიზაციის საშუალებას მისცემს“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის შემდეგ კენჭისყრის პროცედურა გაიმართა. პირველი კენჭისყრა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილი კანდიდატურების არჩევას დაეთმო. ფარული კენჭისყრით, მარინე მინდორაშვილის (69 მომხრე), ირაკლი აფხაიძის (68 მომხრე) და სიმონ გელაშვილის (69 მომხრე) დანიშვნებთან დაკავშირებით, პარლამენტმა პრემიერ-მინისტრს თანხმობა მისცა. საკანონმდებლო ორგანომ კენჭი უყარა და მიიღო როგორც დღევანდელ, ასევე წინა სხდომებზე განხილულ საკითხებს.

ტეგები