ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონის პროექტზე მსჯელობს
ამობეჭდვა · 21 / 07 / 2018 10:55
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონის პროექტზე მსჯელობს

შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონის პროექტის შესახებ მსჯელობენ სამუშაო შეხვედრაზე შეკრებილი ჯგუფის წევრები.

პროექტის ინიციატორ დეპუტატებთან სოფო კილაძესთან და დიმიტრი ცქიტიშვილთან ერთად შეხვერდაში მონაწილეობას იღებენ აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, სახალხო დამცველის ოფისი, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა იტერესების დამცველი ორგანიზაციები.
ორდღიან შეხვედრაზე მხარეები შეიმუშავებენ შრომის უსაფრთხოების შესახებ კონცეპტუალურად ახალ და ეფექტურ რეგულაციებს, რომლებიც შესაბამისობაში იქნება ევროკავშირთან გაფორმებული, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში სავალდებულო დირექტივების მოთხოვნებთან და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაწესებულ საერთაშორისო სტანდარტებთან.

შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება შრომის უსაფრთხოების ახალი კანონის პროექტი, რომელიც შემუშავადა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტის მიერ.

მხარეები იმსჯელებენ პროექტის წარმოდგენილი ცვლილებების კონცეფციაზე, პრინციპებსა და მიზნებზე, ისევე როგორც მოხდება კანონპროექტის დატალური განხილვა.

„ჩვენ უნდა შევიმუშაოთ შრომის უსაფრთხოების ძლიერი სისტემა, რომელმაც უნდა დაიცვას თითოეული დასაქმებულის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამისთვის გვჭირდება შრომის ინსპექცია, რომელიც იქნება შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი. ის უფლებები, რაც კანონის დონეზე განისაზღვრება, აუცილებლად უნდა მოვიდეს სისრულეში იმისათვის, რომ ტყიბულის მსგავსი ტრაგედიები ავიცილოთ თავიდან. სწორედ ამას ემსახურება ეს ცვლილებები.“- განაცხადა სოფო კილაძემ.


სამუშაო ჯგუფი შექმნილია შრომის უსაფრთხოების შესახებ არსებული კანონმდებლობის გადახედვისა და დახვეწის მიზნით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ, შესაბამისი სამთავრობო უწყებებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.

პროექტი ხორციელდება საქართველოში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენლობის მხარდაჭერით.








 

ტეგები