პროკურატურა ისევ ცდილობს, ჩემი შვილის მკვლელებს ხელი დააფაროს - ზაზა სარალიძე
ამობეჭდვა · 21 / 07 / 2018 12:53
 პროკურატურა ისევ ცდილობს, ჩემი შვილის მკვლელებს ხელი დააფაროს - ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, პროკურატულა მკვლელებს კვლავ ხელს აფარებს ამის შესახებ სარალიძემ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელ ზვიად კუპრავასთან ერთად დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ინფორმაციას "იმედინიუსი" ავრცელებს.

მისი თქმით, ბრძოლაა საჭირო, რათა მომავალმა თაობამ სამართლიან ქვეყანაში იცხოვროს.

„მკვლელები ისევ გარეთ დადიან. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი მონაცემებითაც პროკურატურა ისევ ცდილობს, ჩემი შვილის მკვლელებს ხელი დააფაროს. ჩვენ დიდი ხნის წინ გადავწყვიტეთ, რომ ყველა იმ ადამიანს დავუდგეთ გვერდით, ვინც უსამართლობის შეგრძნებით ცხოვრობს და რომელთა განადგურებასაც სისტემა მაქსიმალურად ეცადა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში სამართლიანობა აღდგეს. მართალია, ჩემს შვილს ვერ გავაცოცხლებ, ვერც ერთის შვილს ვერ გავაცოცხლებ, მაგრამ მე მეორე შვილიც მყავს, ჩვენ გვყავს მომავალი თაობა, ვის გამოც უნდა ვიბრძოლოთ, რათა სამართლიან ქვეყანაში იცხოვრონ“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.


ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

ტეგები