მირზა სუბელიანი და თენგიზ კალანდია საპატიმროში გამოკითხეს
ამობეჭდვა · 22 / 07 / 2018 19:30
მირზა სუბელიანი და თენგიზ კალანდია საპატიმროში გამოკითხეს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა ბრალდებულები, მირზა სუბელიანი და თენგიზ კალანდია გამოკითხეს.

„ბევრ დეტალზე გვქონდა საუბარი, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით იყო კომისიის წევრების მიერ კითხვები დასმული, რა თქმა უნდა, ძირითადი კითხვები ეხებოდა პირველ დეკემბერს განვითარებულ მოვლენებს, ასევე შემდეგ უკვე მათ მონაწილეობას ამ საქმეში ამა თუ იმ ფორმით.

ჩვენ მივიღეთ საკმაოდ საინტერესო პასუხები, რომლის დეტალებს მე ახლა ბუნებრივია ვერ გავაჟღერებ გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველა ინფორმაცია უნდა იყოს გაანალიზებული კომისიის მიერ და შემდეგ უნდა იყოს კონტექსტში ჩასმული. ბუნებრივია ის ინფორმაცია რომელიც ჩვენ მივიღეთ ასევე იქნება გადამოწმებული. ეს ინფორმაცია იქნება შეპირისპირებული სხვა ინფორმაციებთან, რომელიც ჩვენ გვაქვს და შესაბამისი დასკვნები გაკეთდება ამის შემდეგ, ამ დასკვნებს თქვენ მოისმენთ როგორც კომისიის სხდომებზე, ისე უკვე საბოლოო დასკვნის დროს“,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.